საახალწლო სამზადისი პიკს უახლოვდება, ახლა მხოლოდ დეტალების გადამოწმება, საცივისა და გოზინაყისათვის გემოს წინასწარ გასინჯვა და საახალწლო განწყობის შექმნა დაგვრჩა სადღესასწაულო მზადების იდილიიდან. თუმცა, ყოველთვის არსებობს დეტალები, რომელთა გათვალისწინებაც არასდროსაა ზედმეტი.
თუკი გნებავთ, ახალ წელს თქვენი ინტერიერი განსხვავებულად მოაწყოთ და არამხოლოდ სუპერმარკეტში ნაყიდი ნივთებით გააფორმოთ, ამ სტატიიდან შეიტყობთ, როგორ შეგიძლიათ საახალწლო დიზაინის საკუთრი ხელითა და მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით შექმნა. რაც განსაკუთრებულ სიხარულს არა მხოლოდ პატარებს, არამედ ოჯახის ყველა წევრსა თუ სტუმარს მიანიჭებს.
და რით უნდა დავიწყოთ თუ არა კარებით ?! – ამისათვის კი საუკეთესო გადაწყვეტილება საახალწლო გვირგვინია, რომლის დამზადებაც ძალიან მარტივია. დაიწყეთ მავთულებით და ძველი ელექტროსადენებით – ეცადეთ, მიიღოთ წრე და ნუ შეგაშინებთ, თუკი თქვენს “ქმნილებას” თანაბარი რადიუსები არ ექნება, დეკორაციაში ყველაფერი გამოსწორებადია. მიღებული ფიგურის შეფუთვა რამდენიმე ხერხით შეგიძლიათ – მავთულების დასამალად საუკეთესოა საჩუქრების შესაფუთი ფერადი და მბრწყინავი ქაღალდები. დანარჩენი კი გემოვნების საკითხია – შეგიძლიათ გააფორმოთ ნათურებით, წიწვებით, კენკრის მტევნებით, გირჩებითა და ჭარხლებითაც კი. თუკი ოჯახში საახალწლოდ კანფეტებით მორთულ ჩიჩილაკებს ამრეზით უყურებდით – გაითვალისწინეთ, 2020 წლისათვის ეს მოდა დაბრუნდა.
რაც შეეხება ფერებს, უმჯობესია გამოიყენოთ ორი ფერი – თეთრი და ლურჯი, მწვანე და წითელი, ოქროსფერი და წითელი ან ვერცხლისფერი და ლურჯი. კედელზე დამაგრებისას ეცადეთ, თავი აარიდოთ ჭიკარტებს, რათა არ დაზიანდეს კედლები – ამ შემთხვევაში ე.წ ორმხრივი წებოვანი ლენტის გამოყენება იქნება უპრიანი.
თქვენს ინტერიერს ელეგანტურობას ე.წ პალმები შესძენს, რომლის დამზადებაც ძალიან იოლია. ამისათვის მხოლოდ ქაღალდი, მაკრატელი, საღებავები და ცოტა ფანტაზია დაგჭირდებათ – ვინაიდან 2020 მეტალის ვირთხია წელია, დიზაინერები გვირჩევენ, აქტიურად გამოვიყენოთ ვერცხლისფერი და ოქროსფერი „პალმები“. თუკი თამამი შეხამებები მოგწონთ, შეგიძლიათ ეს ფერები იისფერთან დააწყვილოთ.
არ დაგავიწყდეთ ფარდების გაფორმება – იგი არა მარტო ინტერიერს გაახალისებს, კედლებს მიღმა მყოფ ადამიანებსაც შეუქმნის სადღესასწაულო განწყობას – ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, ნათურები დაგჭირდებათ. დიზაინერების რჩევით ნაძვის ხის დასადგამადაც საუკეთესო ადგილი სწორედ ფანჯარასთანაა.
გარდა ნათურებისა, ფარდები შეგიძლიათ გააფორმოთ ქაღალდისგან გამოჭრილი სანტას ან ირმების ფიგურებით. თუკი ოჯახში ბავშვები გყავთ – გაგიმართლათ, თამამად „ესესხეთ“ მათ ფერადი საღებავები – შედეგით თავადაც კმაყოფილები დაგრჩებიან. წლის ტრენდში მწვანე ფერის ხელით მოხატული ნაძვის ხეები შემოდის. ასევე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიზაინერების დაფნის ნაძვის ხეს გვთავაზობენ ტრადიციული დეკორაციების ალტერნატივად.
უმნიშვნელოვანეს საკითხს – სუფრის გაფორმებასაც მივადექით. როგორც ყველაფერში, სუფრის ტრენდშიც საკუთარი ხელით შექმნილი დეტალებია. იქნება ეს სარჭები ხელსახოცებისათვის თუ სამაგრები ჭიქებზე. თუკი ფანჯრების გასაფორმებლად ბავშვებისგან საღებავები უკვე ითხოვეთ, დაბრუნებას ნუ იჩქარებთ – მუყაოსგან გამოჭრილი ფიგურები, უკვე გამოუსადეგარი ტანსაცმლის მაქმანები და ლენტები თქვენ საახალწლო სუფრას მომაჯადოებლად აქცევს.
2020 წლის მოდაში შეფუთული ჭაღებია – ზოგადად, ცენტრალური განათება რამდენიმე წელია კვლავ ტრენდში დაგვიბრუნდა, შესაბამისად, დიზაინერები მის გახალისებასაც შეუდგნენ. ჭაღის შეფუთვა საშუალებას გვაძლევს მინიმალური დანახარჯებით ვცვალოთ სახლში დეკორაცია, სეზონის, ამინდისა თუ ჩვენი განწყობის შესაბამისად. საახალწლო მორთულობა კი ჭაღსაც განსაკუთრებულად მოუხდება – დიზაინერები მშვიდ ტონებში გადაწყვეტილ მაქმანებსა და მძივებს გვირჩევენ.
როცა საქმე ახალ წელს ეხება, რა თქმა უნდა, ფანტაზია შეუზღუდავია. ამიტომ მიეცით საკუთარ თავს თავისუფლება და ნუ დაგაბრკოლებთ გადამეტების შიში, ყველაზე მეტად ხომ სწორედ ამ დღესასწაულს უხდება სიფერადე:
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.