შეხვედრები “ბავშვები მწერალთა სახლში”

იცით, სად ცხოვრობს მოხუცი მეზღაპრე?

ის ადგილი აქედან შორს არის. ირგვლივ სულ მაღალი ლურჯი მთებია, შუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს.
იცით, როგორ წერს ზღაპრებს?

საღამოს, ცეცხლის პირას, გამოდიან კურდღლები, მელიები, ციყვები, მაჩვები და ტურები. შეკრავენ ცეცხლის ირგვლივ წრეს. სხედან მორჩილად და სათითაოდ ჰყვებიან თავთავიანთ ამბებს.

მოხუცს კი გაშლილი აქვს სქელი, ვეებერთელა რვეული, დამჭკნარ ტუჩებთან მალ-მალე მიაქვს წვერბოკოლა ფანქარი და მერე იმ ვეებერთელა რვეულში წერს, წერს მათ ნაამბობს, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ – ზღაპრებს.

შაბათს ამ და სხვა საოცარ ამბებს წავიკითხავთ, რომლებიც არაჩვეულებრივმა ქართველმა მწერალმა, რევაზ ინანიშვილმა დაგვიტოვა.

შეხვედრები “ბავშვები მწერალთა სახლში” იმართება შაბათობით, 13:00 საათზე. შეხვედრებს უძღვება საბავშვო მწერალი ვასო გულეური. დასწრება თავისუფალია.