დავით აღმაშენებლის ანდერძის ორიგინალის ფრაგმენტი და შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული გამოფენა

2016 წლის 26 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გიწვევთ შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენაზე.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი, დაწერილი შარვანში გალაშქრების წინ და ანდერძის ალექსანდრე როინაშვილის მიერ 1895 წელს გადაღებული მინის ნეგატივის ასლი. გამოფენაზე, ასევე, პირველად იქნება წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის ხელრთვების პალეოგრაფიული პირები დამზადებული სარგის კაკაბაძის მიერ 1911 წელს.

დამთვალიერებელს მიეცემა შესაძლებლობა იხილოს ,,საზეიმო” მდიდრულად შემკული ვარძიის ოთხთავი (XII-XIII სს.), რომელიც სავარაუდოდ თამარ მეფეს ეკუთვნოდა; ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი, ენციკლოპედიური ნაშრომი „უსწორო კარაბადინი” (XIII-XIV სს.); სამცხის ათაბაგთა კარის სკრიპტორიუმში გადაწერილი, კოდექსის ტიპის ნუსხა – ვალეს ოთხთავი (1514 წ.); ქართლის მეფე როსტომის მეუღლის, მარიამ დადიანის დაკვეთით გადაწერილი ქართლის ცხოვრება (მარიამისეული ნუსხა, 1633-1646 წწ.) და სხვა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ექსპონატები ჩაერთვება გამოფენაში  “შუა საუკუნეების საგანძური”, სადაც წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები.

საქართველო იმ სახელმწიფოთა რიგს ეკუთვნის, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა და აღიარეს ის სახელმწიფო რელიგიად, რითაც ქვეყანამ  საბოლოოდ განამტკიცა კავშირი ევროპასა და ევროპულ კულტურასთან.

შუა საუკუნეების  საგანძურის ახალი საგამოფენო სივრცე, აღჭურვილი საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისად, გაიხსნა ამა წლის ივნისში. კოლექციის სპეციფიკიდან გამდინარე, გამოფენაზე მუდმივად მოხდება ხელოვნების ნიმუშთა ცვლა.