ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ჯგუფურ გამოფენას, სახელად „კლასობანა“ წარმოგიდგენთ. ექსპოზიცია, რომელზეც სხვადასხვა თაობის 16 ქართველი ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინება, “Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში” 20 დეკემბრიდან 8 იანვრამდე დარჩება.
„კლასობანა“ აერთიანებს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციას და თანამედროვე არტისტების ნამუშევრებს. ამ ფორმით მუზეუმი აგრძელებს კონცეპტუალურ ხაზს – მისი კოლექცია ღიაა თანამედროვე ხელოვნებასთან დიალოგისთვის.
“ამ ექსპოზიციით ხდება ქართული ხელოვნების ისტორიის ზოგადი სისტემატიზაცია. განსხვავებული ხედვები, პოლიტიკური გარემოებები, ღირებულებები და ცვლილებებისკენ სწრაფვა წარმოადგენს გამოფენის მთავარ იდეას. ფერების, სტილების, კონტრასტული ავტორების ექსპერიმენტული შერწყმით კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება ქართული ხელოვნების ხასიათი. განსხვავებული არტისტების ნამუშევრებს, როგორც ვიზუალურ დიალოგს, ერთმანეთთან აკავშირებს ფერის და ფორმის აღქმა, სახე-ხატები, ემოციური ტონალობა, ქვეტექსტები და არტისტული ტემპერამენტები. მოცემულ ათწლეულებში (1960-იანი წლებიდან დღევანდელობამდე) ფორმირებული არტისტები ერთიანი ღერძის ირგვლივ მოძრაობენ… გამოფენის საშუალებით დამთვალიერებელი აღმოჩნდება მრავალწახნაგოვან მოცემულობაში. დრო და განვითარების ტემპი ახდენს, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი სტილების კლასიფიკაციას, იბადება „ქაოტური წესრიგი“, რაც ნიშანდობლივია პოლიტიკურად მერყევი ქვეყნისთვის “, – ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.