თამთა ცინცაძე დღეს ერთადერთი ქართველი სტუდენტია თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტში, სადაც ამერიკული სამართლის საფუძვლებს სწავლობს. წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი პატარა, კაფანდარა გოგო, პროფესიად იურისტობას აირჩევდა და განსაკუთრებით სისხლის სამართლით დაინტერესდებოდა. იგი ძალიან პატარა ასაკიდან მღეროდა. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”, საფორტეპიანო განხრით. მშობლებს სურდათ, რომ პიანისტი ყოფილიყო, მაგრამ მეხუთე კლასიდან უკვე უცხო ენებმა გაიტაცა და ერთდროულად რუსული, ინგლისური და ფრანგული ენების შესწავლა დაიწყო და მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, სამხატვრო აკადემიის საკვირაო სკოლაშიც ახერხებდა სიარულს. თუმცა პროფესიის არჩევისას არჩევანი სამართალზე შეაჩერა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო...
– და მიუხედავათ ამისა ხელოვნებას მაინც ვერ შეელიე…
– მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის იყო რაღაც, რაც ჩემს ცხოვრებას ძალიან აკლდა. ეს რაღაც იყო ცეკვა. მართალია ძალიან გვიან, 23 წლის ასაკში, მაგრამ მაინც ავცეკვდი. მაშინ მაგისტრატურაზე ვსწავლობდი, პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას კორძაძის საადვოკატო ბიუროში და თან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზეც ვმუშაობდი. ამის მიუხედავად, ერთ მშვენიერ დღეს მოვძებნე სტუდია „თელას“ ნომერი და მოყვარულთა ჯგუფში ჩავეწერე. მოკლედ, რომ მეგონა ცეკვით ცოტას განვიტვირთებოდი, 3 თვეში უკვე კონკურსებზე დავიწყე გამოსვლა და გართობა გადაიზარდა სერიოზულ სპორტულ ვარჯიშში და, რა თქმა უნდა, ამისთვის დროის პოვნა არ გამჭირვებია. კონკურსებში მონაწილეობა კონკურსების ორგანიზებამ შეცვალა და ცოტა ხნით საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმშიც ამოვყავი თავი. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩემი პროფესიითაც ვმუშაობდი და ვიყავი კერძო კომპანიის იურისტი.
– მართალია, მაგისტირს ხარისხი სისხლის სამართალში მაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი კარიერა ჯერ მხოლოდ კერძო სამართლით შემოიფარგლება. მოგეხსენებათ, ზოგადად მუშაობა და ისიც პროფესიით საკმაოდ დიდი ფუფუნებაა დღეს. ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი დასაქმებას და ეს ნამდვილად რთული პროცესი იყო. ხშირად, განათლებასა და გამოცდილებაზე მეტად სხვა რაღაცეები ფასობს. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ წინსვლა მჭირდებოდა. ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის აუცილებელია ეტაპობრივად კვალიფიკაციის ამაღლება, განსაკუთრებით ეს იურისტებს და ექიმებს ეხებათ. რა თქმა უნდა, არაა ადვილი ადგე და სხვა კონტინეტზე გადაბარგდე, სრულიად უცხო ხალხში, უცხო წესებითა და კანონებით, მაგრამ სხვა რა გზაა, როცა საჭიროა, უნდა გარისკო.
– როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება?
– ამერიკაში პირველად ვარ და მინდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სამყაროა. რა თქმა უნდა, რაღაც ყველას აწუხებს, ამერიკაშიც კი. მაგალითად, ჯანდაცვის სისტემა არც აქაურებს და, მითუმეტეს, არც ჩამოსულებს არ მოსწონთ, მაგრამ იცით რატომ ვარ ამ ქვეყნით აღფრთოვანებული? კანონი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. ამ ხალხმა იცის, რომ კანონი უზენაესია და ამას უდიდეს პატივს სცემენ. აქ ვერ იტყვი, სამსახური ვერ ვიშოვეო. ძალიან აფასებენ შრომას და განათლებას. ყველაზე მეტად კი იცით რა მომეწონა? რა პრობლემაც არ უნდა გქონდეს, როგორც კი გარეთ გახვალ პოზიტივით ივსები. სრულიად უცხო ადამიანიც კი გესალმება და ბედნიერ დღეს გისურვებს. ამით ყველა ერთად ქმის დადებით დამოკიდებულებას და აურას. კარგი იქნება, თუ ჩვენც ასე მოვიქცევით. მესმის, რომ ხალხი გადაღლილია საყოფაცხოვრებო პრობლემებით და მუდმივად დასტრესილი გარემოთი, მაგრამ პატარა დეტალითაც კი შეგვიძლია ერთმანეთის გაბედნიერება.
– თამთა, შენ ერთადერთი ქართველი სტუდენტი ხარ თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტში…
– როცა მეკითხებიან საიდან ვარ და ვპასუხობ ჯორჯიას, ჯერ ამერიკის შტატი ჰგონიათ და არ გამოხატავენ დიდ ემოციას, მაგრამ როგორც კი დავაყოლებ ქვეყანას მაშინვე დიდი აღტაცებით გამომკითხავენ ამბებს. ბევრი შემხვდა, ვინც ნამყოფია საქართველოში და მპირდებიან აუცილებლად დავბრუნდებით, შეყვარებულები ვართ საქართველოზეო. მეც დიდი სიამაყით ვყვები როგორი ძველი და მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა გვაქვს.
– თამთა, ამჟამად ამ უნივერსიტეტში ამერიკული სამართლის საფუძვლებს სწავლობ. რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
– როდის დაგვიბრუნდები საქართველოში?
– სამაგისტრო პროგრამას მაისში დავასრულებ, სურვილი მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო და ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. ჯერჯერობით, ლოდინის რეჯიმში ვარ და დრო მიჩვენებს რა და როგორ იქნება.