ტაშკენტში, მსოფლიო ეკონომიკისა და დიპლომატიის უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება “Say “Yes” to friendship“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა. სტუდენტებმა წარადგინეს შვიდი ქვეყანა, მათ შორის საქართველო.
უზბეკმა სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საქართველოს ეროვნული კერძები და სუვენირები, სხვადასხვა ტრადიციები, შეასრულეს ქართული ეროვნული ცეკვები და ქართულ ენაზე წაიკითხეს აფორიზმები “ვეფხისტყაოსნიდან”.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმდგენ სტუდენტთა ჯგუფის კოორდინატორი იყო ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, მარიამ ბოჭორიშვილი.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე გავიდა საქართველოს პრეზენტატორი ჯგუფი, რომელსაც გადაეცა გამარჯვებულის დიპლომი და ინგლისურენოვანი ლიტერატურა.
სტუდენტებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოსა და ტაშკენტში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.