1768 წელს ტყვედ გაყიდული ქართველი ბიჭი, უმცროს დასთან ერთად სტამბულში ჩაიყვანეს და სულთან მუსტაფა III-ეს აჩუქეს. მუჰაჯირთა გადმოცემით წარმოშობით იგი ბათუმის ოლქიდან იყო. მისი ქართული გვარი და სახელი უცნობია. ოსმალეთის მიერ დასავლეთ საქართველოზე დაწერილი ბეგარის ძალით, ის კონსტანტინოპოლში მონად გააგზავნეს. მცირეწლოვანი ჰუსეინი თავისი გონიერებითა და სილამაზით გამორჩეული ყოფილა. იგი საჭურველთმტვირთველ იბრაჰიმ ფაშას მოსწონებია, თავისთან წაუყვანია და ცოტა რომ წამოზრდილა სულთნისთვის უჩუქებია. მუსტაფა III-ის ქართველი მეუღლე, მიჰრიშაჰი, ჰუსეინს თავის შვილთან ერთად ზრდიდა. როგორც სულთნის დედის გაზრდილს, მას „ძიძიშვილსაც“ ეძახდნენ.
მწერალი რამაზ სურმანიძე ჰუსეინ ფაშას ისტორიას ასე აღწერს: „ჰუსეინი სულთნის შვილის, სელიმის თანატოლი იყო. ბიჭები დამეგობრდნენ და ძმადნაფიცები გახდნენ. სელიმის ტახტზე ასვლამდე სასახლეში ინტრიგების ხლართვა დაიწყეს, გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ და თავიდან მოეშორებინათ მომავალი კანონიერი სულთანი. ეს განზრახვა სრულიად შემთხვევით გაიგო ჰუსეინის დამ და ძმას შეატყობინა. ჰუსეინის სიმამაცითა და მოხერხებით სელიმი სიკვდილს გადაურჩა. ამ ამბავმა ჰუსეინი კიდევ უფრო დაახლოვა სულთნის კარს და თვით ტახტის მემკვიდრეს.”
ჰუსეინ ფაშამ განათლება სასახლეში მიიღო. სელიმის ტახტზე ასვლის შემდეგ, 1789 წელს მეჯინიბეთუხუცესად დაინიშნა. სამი წლის შემდეგ კი იგი ოსმალეთის მიმდებარე ყველა ზღვის კაპიტნად, ქაფუდან ფაშად დააწინაურეს. 1792 წელს, სელიმ III- ის ინიციატივით, 38 წლის ჰუსეინმა ცოლად შეირთო სულთან აბდულ – ჰამიდ პირველის ქალიშვილი, ესმა და იგი სასახლის სიძე გახდა.
თანამედროვეთა გადმოცემით ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა გამორჩეული, პატიოსანი და ჭკვიანი ადამიანი იყო. მისი კაპიტნობის დროს განხორციელდა ოსმალეთის ფლოტის რეფორმა, საფრანგეთიდან და შვედეთიდან სპეციალისტები ჩამოიყვანა. ააგო ოცამდე ახალი გემი, წყალსაცავები და პორტები. ხომალდებზე გემის ეკიპაჟის მუდმივი წვრთნისთვის მკაცრი დისციპლინა დაამყარა. 1792 წელს ეგეოსის ზღვის მეკობრეებზე გაილაშქრა, დაამარცხა ისინი და მათი ბანდები დაშალა.
საფრანგეთის მომავალი იმპერატორის, ნაპოლეონის პირველ მარცხსაც მის სამხედრო ნიჭს მიაწერდნენ.
ჰუსეინ ფაშა 1792-1794 წლებში ოსმალეთში რუსეთის საგანგებო ელჩის, შემდგომში მთავარსარდლის, მიხეილ კუტუზოვის დაახლოებული პირიც ყოფილა. კუტუზოვი სუვოროვს სწერდა: – ‘’ქუჩუკ ჰუსეინი ნამდვილი ქართველია, კოხტა და ლაზათიანი, ჯიშიანი ცხენების პატრონი, კარგი მუსიკის მოყვარული და თანაც ფულების უზომოდ მფლანგველიო.’’
ფრანგების ეგვიპტიდან წასვლის შემდეგ ჰუსეინ ფაშა მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ოსმალეთსა და საფრანგეთს შორის XVIII ს–ის ბოლოს გართულებული ურთიერთობების გამოსწორებას. ამის გამო მის სიკვდილს დიდი რეზონანსი მოჰყვა საფრანგეთში. ნაპოლეონმა პარიზში ოსმალეთის ელჩს მიუსამძიმრა ჰუსეინ ფაშას გარდაცვალება.
„ეგვიპტის მეორე დამპყრობად“ ცნობილი ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა 1803 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა ბოსფორის სანაპიროზე მდებარე მეუღლის აგარაკზე.
იგი დასაფლავებულია სტამბოლის პრესტიჟულ „დიდ მოკვდავთა სასაფლაოზე“, მიჰრიშაჰ სულთნის აკლდამის ბაღში. მისი საფლავის ქვაზე ეპიტაფია ასე სრულდება – “მგზავრო, შეჩერდი და ილოცე ქაფუდან-ფაშას სულისათვის, რათა სამოთხე იყოს მისი სამარადისო სასუფეველი“.