საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 17 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიხსნება გამოფენა „ჟანდარმერია კავკასიაში“.
რაც შეეხება ჟანდარმერიის ფოტოკოლექციას, ის, ძირითადად, მინის ნეგატივებზეა შემონახული და მოიცავს 1904 – 1917 წლებში თბილისის ჟანდარმთა სამმართველოში მიერ დაპატიმრებული ადამიანების 5000-მდე ფოტოს, რომლებიც მათ დაკავებისას გადაუღეს.
პატიმრებს შორის არიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები, რომელთაც თავისი საქმიანობის გამო ჟანდარმერიასთან პრობლემები ექმნებოდათ. მასალებში შეხვდებით მიხეილ ჯავახიშვილის, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, რაჟდენ არსენიძის, ანა სოლოღაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, იოსებ იმედაშვილისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოებსა და ჟანდარმერიის ბარათებს.
ფოტოკოლექცია და ბარათები, გარდა მისი პირდაპირი შინაარსისა, მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, საუკუნის წინათ მცხოვრები ადამიანების ფიზიკურ მონაცემებზე, მათ ჩაცმულობასა და სოციალურ მდგომარეობაზე.
ჟანდარმერია 1820-იან წლებში შექმნილი მეფის რუსეთის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია იყო. მის მიზანს სახელმწიფო და პოლიტიკური დანაშაულების გამოვლენა და მასთან ბრძოლა წარმოადგენდა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ჟანდარმის, პატიმრისა და ცეცხლსასროლი იარაღების რეკვიზიტები, რომელიც ეკუთვნის ქართულ სატელევიზიო სერიალს „ტიფლისი“.
ეროვნული არქივის ექსპოზიცია ორი დღე გაგრძელდება.