ქართველი ბარიტონი, დავით ღვინიანიძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. მშობლიურ ქალაქთან ახლო კონტაქტს დღემდე არ წყვეტს. მისი მეორე სახლი კი ნიუ-იორკია, სადაც წარმატებულ კარიერას აგრძელებს. კარიერაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მეორე მთავარი საქმეა – „მსოფლიო ტალანტები“. ფონდი, რომელიც წლებია, ნიჭიერ ახალგაზრდებს ეხმარება.
წარმატებული ქართველი ბარიტონი ამერიკიდან წერილს მის პირველ მასწავლებელს, ენი არსენიძეს უძღვნის და მოსალოდნელ მუსიკალურ საღამოსაც აანონსებს:
“მუსიკა ცხოვრების მთავარ ლაიტმოტივად გაიხადა, მისი ბგერები ჟღერადი იყო, სიმები – მისი მოსწავლეები.
რაც წლები გადის, მით მეტად ვხვდები, რომ გვერდით მყავდა ადამიანი, რომელმაც შემქმნა, მუსიკალურ ჟღერადობაზე გამომწვრთნა და გზა გამიკვალა! რაც მეტ წარმატებას ვაღწევ, მით მეტად მადლიერი ვარ მისი – ჩემი უსაზღვროდ მონატრებული ენი არსენიძის.
წელს მის იუბილეს, მის და ჩემს ქალაქში აუცილებლად გრანდიოზულად აღვნიშნავ, ისე, როგორც დიდი პედაგოგი იმსახურებს თავისი გავლილი გზით.
ტკივილნარევი, ბორკილებდადებული. მაგრამ მაინც გამარჯვებული ენი არსენიძე თავად იყო მაღალი ავტორიტეტი, ის ყოველთვის ხმალამოღებული იბრძოდა მუსიკალური განათლების აღიარებისათვის და საქართველოსთვის.
დაიბადა ქუთაისში, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს (მუსიკათმცოდნეობა).
1967–2014 წლებში იყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი, 2000–2010 წლებში ამავე სასწავლებლის დირექტორი; დააარსა ბავშვთა ფოლკლორული გუნდი “ნაი–ნაი“, ასევე დააარსა ქუთაისის მუდმივმოქმედი შერეული გუნდი; იყო მუსიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელი.
ღირსების ორდენოსანი, ქალაქის კოლორიტი, ქვეყნის გამორჩეული და მისაბაძი ადამიანი არამარტო მუსიკალურ, არამედ ცხოვრებისეულ ასპარეზზეც.
დღემდე რჩება ჩემს აღმზრდელად და მისაბაძ ქალბატონად, ქუთაისის სასწავლებლის სულისჩამდგმელი ერის წინაშე ვალმოხდილია.
მე თავს ვალდებულად ვთვლი, მის განვლილ გზას თავი დავუხარო, მალე ვესტუმრო ჩვენს ქალაქს და მესხიშვილის თეატრში ჩემს მეგობრებთან ერთად პატივი მივაგო მის მოღვაწეობასა და სახელს, ღვაწლმოსილი ქალბატონი გრანდიოზულ იუბილეს იმსახურებს პირადად ჩემგან, ეს მცირედია, რაც შემიძლია მისთვის გავაკეთო.
ამ გახსენებას კი მისივე სიტყვებით დავასრულებ :
,,… ვისურვებდი , ჩაუქრობლად ეკაშკაშოს იმ ვარსკვლავს, ქართული თვითმყოფადი სამუსიკო კულტურა რომ ჰქვია …”
შენი ვარსკვლავი კი მსოფლიო დონის ხელოვნება და ხელოვანებია, რომლებიც სიმებად ყოველთვის დაუკრავენ და გასახელებენ დიდ სცენაზე, ჩემო ლამაზო ადამიანო.
ეს ჩემი მცირედი საჩუქარი შენ – ხსოვნის საღამოს “ანონსი” – სავარაუდოდ, 8 თებერვალს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება ენი არსენიძისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავები და მისივე აღზრდილი თაობა მიიღებს მონაწილეობას.
სანამ მე ვიქნები ამ ქვეყანაზე, არასოდეს გარდაიცვლები!
შენ ზუსტად იცოდი ჩემი ყველა იმ წარმატების მომავალი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, შენს გარეშე ხდება ჩემს ცხოვრებაში” – წერს დავით ღვინიანიძე.