ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა, როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები. ოფიციალური წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.
საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი წელს გამოთქვა. ქვეყანას უკვე გააჩნია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება. 2015 წელს, თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა.