ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში “Universität für Musik und Darstellende Kunst” გაიმართა ქართული დოკუმენტური ფილმის – „Polyphonic Lullabies of Kakheti” ჩვენება.
ფილმი ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ნონა ლომიძისა და შვეიცარიელი მუსიკათმცოდნე, ჰუგო ზემპის ერთობლივი ნამუშევარია და საქართველოში პოლიფონიური იავნანას შესრულების მრავალსახეობის შესახებ მოგვითხრობს.
ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ვენის ხალხური მუსიკის კვლევისა და ეთნომუსიკის ინსტიტუტის პროფესორების – ულრიხ მორგენშტერნისა და არდიან აჰმედაიას მიერ შექმნილი ღონისძიებების სერიის – “Cinematographia Musicae Popularis (CiMPo)” ფარგლებში გაიმართა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვენის კულტურისა და სამეცნიერო წრეების, აგრეთვე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.