ქართველი აპლიკანტების 64%-ს აშშ ვიზაზე უარს ეუბნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არასაიმიგრაციო, ტურისტული და ბიზნეს მიზნებისთვის B ტიპის ვიზებზე უარის თქმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოქალაქე ვიზის აპლიკანტთა ნახევარზე მეტს უარს ეუბნება. B-1ტიპის ვიზა ბიზნეს ვიზიტისთვის გაიცემა, ხოლო B-2 ტურისტული და სამედიცინო მიზნებით მოქმედებს. აღნიშნული  სტატისტიკა მხოლოდ ამ ტიპის ვიზებს შეეხება.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, უარის მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემებით (30 სექტემბრამდე) 63.85 პროცენტს უდრის. ეს მაჩვენებელი  რეგიონში ყველაზე მაღალია. შედარებისთვის, სომხეთში ეს მაჩვენებელი 51.65 პროცენტია, აზერბაიჯანში 25.45%, ხოლო რუსეთში 15.19 %. თურქეთში უარს 19.19 პროცენტს ეუბნებიან.

გასულ წელს ეს მაჩვენებელი 62,3 პროცენტს უდრიდა. 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქეებზე სულ 6,332 ვიზა გასცა. მათი უმეტესობა სწორედ ტიპის იყო.

წლევანდელი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში მხოლოდ 18 ქვეყანას აქვს.

ვიზაზე უარის თქმის ხშირ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს:

  • აპლიკაციის შევსებისას დაშვებული შეცდომები,
  • ვერ დადასტურება, რომ პირი არ გეგმავს შეერთებულ შტატებში მუდმივ ემიგრაციას
  • არასაკმარისი ფინანსური რესურსი შეერთებულ შტატებში დროის დასაყოფად
  • ვიზის მიღებისთვის გამოყენებული თაღლითობა და ტყუილი
  • გასულ შემთხვევებში, ვიზის გასვლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში დარჩენა
  • ნასამართლეობის გარკვეული შემთხვევები

მნიშვნელოვანია, რომ ვიზა შეერთებულ შტატებში შესვლის გარანტიას არ წარმოადგენს და საბოლოო გადაწვეტილებას საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელი (მესაზღვრე)  იღებს.

 

 

წყარო: ამერიკის ხმა