გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მარიკა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორ ირკვევა, ქართველი ემიგრანტები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან დიუსელდორფში ერთი მიზნით შეიკრიბნენ – მოეწყოთ საქველმოქმედო საღამო, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეეძლებოდა არა მარტო ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნება, არამედ ქართული პოეზიისა და მუსიკის მოსმენაც. საღამო არაკომერციული იყო და შემოსული თანხა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ანგარიშზე გადაირიცხა.
“ქართული კვირა” უცვლელად გთავაზობთ ემიგრანტის ფეისბუქ წერილს
“გასულ კვირა დღეს, დუესელდორფში, მე და ჩემმა მეგობრებმა ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება მოვაწყვეთ. ღონისძიებას ვგეგმავდით დისტანციურ რეჟიმში:
ბონიდან, ჰამბურგიდან, მიუნხენიდან და კოლნიდან – დიუსელდორფში…
დიუსელდორფში დაგვხვდნენ რატი ცხადაძე (ქართული რესტორნის” პეპელას” შეფი, რომელმაც დაგვითმო დარბაზი) და ნათია ონიანი, რომელმაც უგემრიელესი ხაჭაპურები გამოგვიცხო. მიუნხენიდან ჩამოვიდა პაატა ბოლოთაშვილი – ქვევრით, საუკეთესო ღვინოებით, ნუგბარეულით და სამსაათიანი საინფორმაციო პროგრამით ქართული ღვინის შესახებ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შეგრძნებები განგვიახლა ბელა ჩეხურიშვილმა, რომელიც უყოყმანოდ დაგვთანხმდა ჩამოსვლაზე და ქართული პოეზია მომხიბლავად გააჟღერა. მზია ობერჰაუერმა არ დაგვტოვა მარტო და შემოგვიერთდა ზაარბრუკენიდან და ჩვენი საოცარი მარინა მიულერი ნაადრევად, სპეციალურად ჩვენთვის ჩამოფრინდა მზიანი ბრაზილიიდან …
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება არაკომერციული იყო და მთლიანად ჩვენი ხარჯებით შედგა, შევძელით და მოვაგროვეთ (შემოწირულობებით თუ ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმით) – 640 ევრო, რომელსაც გადავცემთ საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობას: ჩვენს კლასიკოსებს ატოცში – ლაშა ბერულავას, დავით ქაცარავასა და მიშა ბალიაშვილს, რომლებმაც გააღვივეს და ფართომასშტაბიანი გახადეს ანტისაოკუპაციო განწყობები და ჩვენს იმედისმომცემ ახალგაზრდებს, რომლებიც მაგალითები გახდნენ იმისა, რომ უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა სწორია, კარგია და ძალიან მაგარია – გიორგი მჟავანაძეს, მარიამ დოლიძესა და ნოდარ რუხაძეს.
ეს თანხა მცირედია იმასთან შედარებით, ვიდრე ჩვენ ცალ-ცალკე ჩვენი ანგარიშებიდან შეგვეძლო აგვეღო და გამოგვეგზავნა, მაგრამ მისი მიღებისთვის ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული, რომელიც ისევ ჩვენი საერთო ბრძოლისთვის გაღებული ინვესტიციაა – რომ გვქონდეს ცნობადი ქვეყანა, გვყავდეს თავისუფალი და ფინანსურად წელგამართული მოქალაქე და ამ საფუძველზე გვქონდეს აწყობილი ღირსეული და მოქალაქეზე მზრუნველი სახელმწიფო…” – წერს მარიკა მეგრელიშვილი