ქართული ჭიდაობის წარმოშობა უძველეს ხანას უნდა უკავშირდებოდეს, ტერმინი „რკენა“ ნახსენებია მე-9 საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში „ცხოვრება სვიმონ მესუეტისა“, ფალავნობის სხვადასხვა ამბებია მოთხრობილი მე-12 საუკუნის „ამირანდარეჯანიანსა“ თუ „აბდულმესიანში“. ასევე საინტერესოა ფრანცისკანელი ბერის ჯიოვანო პლანო კარპინის (1182-1252 ) ნაამბობი. მესხურ ქრონიკებში მოიპოვება ცნობა, იმის შესახებ, რომ სამცხე-საათაბაგოს თავკაცს ყვარყვარეს ხონთქრის ფალავანი დაუმარცხებია, რის გამოც ქრისტიანად დაბრუნებულა სტამბოლიდან.
„პატრონი ყვარყვარე ღუთის წინაც შეურცხუენელი და კაცთანაცა, ფალავანი დასცა ხუანთქართანა და ქართველობით გამოეშუა მისის საბატონოს წყალობა ექმნა.“
XV საუკუნის (1479-80 წწ.) მატიანეებმა შემოგვინახეს მზეჭაბუკ ათაბაგის შერკინების ამბავი თათრების ფალავან ძალანთან, სადაც მზეჭაბუკს გაუმარჯვია:
„იყო უსჯულოსა მის მთავარსა კაცი ერთი, ფალავანთა თავი, დიდი და გოლიათი, რომელსაც სახელად ძალანი ეწოდებოდა და ჰმატებდა ყოველთა კაცთა სიდიდითა, ვითარ წყრთა ერთი ანუ უფროსცა, და არავინ გამოჩინებულ იყო სიმრავლესა მას შინა მრკინობელ მისსა – ამან ინება ოდესმე განმცდელობა მზეჭაბუჯისა და ვითარცა ცნა ესე, არღარა ჰყოვნა, არამედ ვითარცა ლომმან მსწრაფლ შექმნა, აღიყვანა და უპატიოდ მიწისა ზედა დასცა.“
მე-19 საუკუნის პერიოდიკაში საკმაოდ დეტალურად და უხვადაა წარმოდგენილი ჭიდაობასთან დაკავშირებული მოვლენები. იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთები (“ივერია” “დროება” და სხვ.) ყურადღებას უთმობდნენ ქართულ ჭიდაობას. ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, დანიელ ჭონქაძე და ა.შ. ჭიდაობის დიდი გულშემატკივრები იყვნენ.
მე-19 საუკუნეში ქართული ჭიდაობის ცენტრად იქცა თბილისი, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაცადი ფალავნები. სპეციალურად ამ მიზნით საჭიდაო მოედნებიც კი არსებობდა (ე.წ. ,,კრუგები”). თავიდან ასეთი საჭიდაო მოედანი ყოფილა მთაწმინდაზე, რომელიც მოგვიანებით დიდუბის ერთ-ერთ ბაღში გადაუტანიათ, ამას გარდა საჭიდაო მოედნები არსებობდა ვერაზე ,,ფიქრის გორაზე”, მაშინდელ ელისაბედის ქუჩაზე (ახლა წინამძღვრიშვილის ქუჩა), ავლაბაში, ნაძალადევში (ხუდადოვის ტყის მახლობლად), ელიას ზევით- მახათაზე.
ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ქართული მრავალხმიანობის, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდისა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის შემდეგ – იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ტრადიციული ქართული ჭიდაობა 2018 წელს შეიტანეს.
„ქართული ჭიდაობა ჩვენი გენეტიკის განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოში სახელგანთქმული ბევრი ქართველი მოჭიდავის წარმატებების საფუძველი სწორედ ტრადიციული ქართული ჭიდაობა გახდა და მომავალშიც აუცილებლად ასე გაგრძელდება, თუკი ჩვენს ეროვნულ საუნჯეს მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.”
წყარო: ქართული ჭიდაობა