რომის ამერიკულ საერთაშორისო სკოლაში საქართველოს შესახებ რამდენიმეპანელიანი ღონისძიება მოეწყო. შეხვედრების პარალელურად, გამოფენამ „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გალერეა “კარლო მარია ბიაჯარელიდან” სკოლებში 1 კვირით გადაინაცვლა.
მასწავლებლებისა და პროფესორების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის გამო, საელჩოს წარმომადგენლებმა სკოლის 11 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საქართველოს შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს. დესპანი, დავით ბაზერაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, სოფო ქარცივაძე სკოლის სტუდენტურ ასამბლეაზე 400-მდე მოსწავლესა და მასწავლებელს შეხვდნენ და მათ საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე მიაწოდეს ინფორმაცია.
სტუდენტური ასამბლეის შემდეგ, საშუალო კლასის მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა ქართულ ენასა და დამწერლობაზე, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომში ვიზიტით მყოფი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და გადაადგილების შეზღუდვასა და ამით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე ესაუბრა.
გამოფენაზე წარმოდგენილ ავტორთა შორის არიან ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფები, ჯონ ჯონსონი და მალქომ ლინტონი. გამოფენილია შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელა ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრებიც, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ფოტომასალა. გარდა ფოტონამუშევრებისა, ექსპოზიციაზე უჩვენეს თაკო რობაქიძის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი – „მცოცავი ოკუპაცია“.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, მათი მიზანია მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ქართველი ადამიანების მძიმე ყოფისა და ოკუპაციის შედეგების შესახებ.
ფოტოექსპოზიცია, სახელად „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე გალერეა „კარლო მარია ბიაჯარელიში“ 12 ნოემბრიდან იმართებოდა.