სტოკჰოლმში ანასტასია ლუნდქვისტისა და შარლოტ პრუთის ავტორობით გამოცემული წიგნის „ლურჯი მთები, მწვანე საჭმელი, ნარინჯისფერი ღვინო, – რეცეპტები და ისტორიები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართა. შვედი ავტორების მიერ შედგენილ წიგნში შესულია ქართული კერძების 140 რეცეპტი და საქართველოს შესახებ სხვადასხვა ისტორია თუ საინტერესო ფაქტი.
„წიგნში უამრავი გზაა შთაგონებისათვის. იმედი მაქვს, რომ იგი მიაღწევს ყველას, ვისაც სურს გაიფართოვოს ცოდნა საკვების, ღვინის, კულტურისა და კაცობრიობის ისტორიის შესახებ“ – წერს წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტი, კარინ ბოჟი.
აღნიშნული გამოცემა შვედურ ენაზე შექმნილი პირველი წიგნია ქართული კულინარიის შესახებ, რომელშიც შესული რეცეპტები ავტორებმა თავად შეაგროვეს საქართველოში მოგზაურობის დროს.
„ეს არის რეცეპტები ხაჭაპურის მცხობელი ქალებისაგან, ბაზარში მომუშავე ადამიანებისა და იმ მეღვინეებისაგან, რომლებიც საკუთარ მარანში ასხამენ ფორთოხლისფერ ღვინოს და აგრძელებენ ღვინის დაყენების უნიკალურ, 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას“ – ნათქვამია გამოცემის წინასიტყვაობაში.
დაინტერსებულ მკითხველს ქართული კულინარიის სახელმძღვანელოს შეძენა ონლაინ მაღაზიების საშუალებით უკვე შეუძლია.