უკვე 4 წელია, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა არსებობს. პროგრამას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
როგორ ეხმარება და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს, როგორია განვლილი პერიოდის სტატისტიკა, რა მასშტაბებს მოიცავს და კონკრეტულად ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა – ამის შესახებ ,,ქართულ კვირას“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური ესაუბრა.
– საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, როგორ და როდის შეიქმნა ეს პროგრამა და რა აქტივობები განხორციელდა მისი ამოქმედებიდან დღემდე?
– საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა ხორციელდება 2015 წლიდან. 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400,000 ლარი გამოიყო, 2016 წელს 600,000 ლარი, 2017 წელს 590,000 ლარი, ხოლო 2018 და 2019 წლებში – 650,000 ლარი. 2015 წლიდან 2018 წლამდე, პროგრამას ახორციელებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 2019 წლიდან პროგრამას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2019 წლის აპრილში, სამინისტროს მიერ გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა გამარჯვებული ორგანიზაციები. დღესდღეობით, პროგრამა მიმდინარე ეტაპზეა და ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
– საინტერესოა რამდენმა ადამიანმა ისარგებლა უკვე ამ პროგრამით. როგორია სტატისტიკა?
– საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამით უკვე ისარგებლა 1,443 -ზე მეტმა ადამიანმა.
– რა არის მთავარი მიზანი და ვინ მოიაზრებიან კონკრეტულად, პროგრამის სამიზნე ჯგუფში? როგორც ვიცით გარკვეულ ჩარჩოებში (მოთხოვნებში) უნდა ჯდებოდნენ… მაგალითად, სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში შეუძლიათ პროგრამაში ჩართვა და ა.შ. საინტერესოა ასევე, პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის რა თანხა და დახმარებაა გამოყოფილი?
– სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის მიზანს წარმოადგენს, ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად ისეთი სერვისების შეთავაზება, რომლებიც დაეხმარება აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის პროცესში, მათ წინაშე წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში, ხოლო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც:
- საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
- სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.
რაც შეეხება ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილ თანხას – სარეინტეგრაციო დახმარების თითოეულ სერვისზე, გაწერილია ერთი ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ზღვრული ოდენობა.
– ძირითადად რა სირთულეებს აწყდებიან ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას, ხელახალი ინტეგრაციის პროცესში?
– არალეგალური ემიგრაციისას მიმღები ქვეყნების მიერ, ხშირია ჩვენი თანამემამულეების იძულებითი დაბრუნება (დეპორტაცია, რეადმისია). იძულებითი დაბრუნება კი არსებითად ამძიმებს ემიგრანტების ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. კვლევების მიხედვით, საქართველოდან შრომითი ემიგრანტების ნახევარზე მეტი საზღვარგარეთ წასასვლელად ვალს იღებს, ან ყიდის ქონებას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დიდი რისკის შემცველია, ვინაიდან წარუმატებელი ემიგრაციის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნებისას მიგრანტს და მის ოჯახს გამორჩეულად რთულ პირობებში აყენებს…
– კონკრეტულად რა მომსახურებებს სთავაზობს სახელმწიფო?
– სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ სერვისებს:
- სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება;
- ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
- შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით საშემოსავლო პროექტების დაფინანსება;
- სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება/გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა;
- საცხოვრისით დროებით უზრუნველყოფა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსება.
– პროგრამა მოიცავს პროფესიული მომზადება-გადამზადების მიმართულებასაც და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის სოციალური პროექტების დაფინანსებას, ხომ არ გამოყოფდით რომელიმე პროექტს და ადამიანებს, ვისთვისაც განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ეს მომსახურება?
– ამ ეტაპზე კონკრეტული ადამიანების დასახელებისაგან თავს შევიკავებთ, თუმცა თუ გადავხედავთ განვლილ პერიოდს, ნამდვილად არის რიგი შემთხვევებისა, როდესაც სოციალური პროექტების დაფინანსების კომპონენტით მოხდა რამდენიმე მცირე ბიზნესის დაფინანსება, რომლებიც ამჟამად საკმაოდ მსხვილ და წარმატებულ ბიზნესად გვევლინებიან.
– რამდენად ხშირად სარგებლობენ თქვენი დახმარებით დღეს ემიგრანტები? რომელი ქვეყნებიდან ხდება უფრო ხშირი კომუნიკაცია, დაბრუნება და რეინტეგრაცია?
– აღნიშნული პროგრამა ხელმისაწვდომია არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული ყველა ჩვენი მოქალაქისათვის, თუ იგი აკმაყოფილებს პროგრამით წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც:
- საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
- სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.
რაც შეეხება ქვეყნებს, მაგალითად 2018 წლის სტატისტიკით ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება მოხდა საბერძნეთიდან, გერმანიიდან და ბელგიიდან.
– პროგრამით მოსარგებლე პირები ემიგრაციაში მიდიან თუ არა კვლავ, როგორია სტატისტიკა?
– აღნიშნული პროგრამის ერთი-ერთი მთავარი მიზანია, რომ ეს ადამიანები დარჩნენ საქართველოში და აქ შეიქმნან ცხოვრების ღირსეული პირობები. ვცდილობთ, ამაში დავეხმაროთ.
– სარეინტეგრაციო პროგრამის განხორციელებაში სახელმწიფოს ეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინ არიან ისინი და როგორია მათი როლი და ჩართულობა? არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებასაც…
– საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამების განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2019 წლის 15 აპრილს გამოაცხადა საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების საგრანტო კონკურსი, საგრანტო კომისიის საშუალებით, საგრანტო წინადადებით განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად 2019 წლის 7 მაისს გამოავლინა შესაბამისი გამარჯვებულები და 2019 წლის 17 ივნისს გააფორმა მათთან ხელშეკრულებები. აღნიშნული საგრანტო პროგრამის განხორციელების ვადა არის 1 წელი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2019 წლის პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: თბილისში, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში – (ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი – PA; შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში- ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ და საკონტაქტო ორგანიზაცია-ა(ა)იპ “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“(ემსახურება შიდა ქართლის რეგიონს); სამეგრელო-ზემო სვანეთში – ა(ა)იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი“ – AIC; აჭარასა და გურიაში – ა(ა)იპ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“; იმერეთსა და რაჭა – ლეჩხუმში, ასევე ქვ. სვანეთში- ფონდი „აფხაზინტერკონტი“ – AIC და კახეთში- ა(ა)იპ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი – KRDF.
საგრანტო მიმართულებებია სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება; საშემოსავლო პროექტების დაფინანსება; პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.
– გეგმებზე რას გვეტყვით, რა მიმართულებით სჭირდება უფრო მეტად პროგრამას განვითარება?
– ყოველი საგრანტო პროგრამის დასრულების შემდგომ ხდება პროგრამის საბოლოო მონიტორინგი და შეფასება, შესაბამისად მიღებული შედეგების გათვალისწინება ხდება მომდევნო წლის საგრანტო პროგრამაში.