წარმატებული ქართველი ხელოვანის ამერიკული გზა და ქართული გეგმები

თინათინ ვაჩნაძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანია, რომელიც ფერწერასა და დიზაინში თანაბარი წარმატებით მოღვაწეობს და საკუთარი შემოქმედებით ხელოვნების მოყვარულებს მრავალ ქვეყანაში აოცებს. 

ხელოვანთა ოჯახში გაზრდილმა თინამ ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში, სამშობლოსგან შორს გაატარა. როგორც თავად ამბობს, ამერიკამ მის შემოქმედებას მეტი თავისუფლება მისცა.  მიუხედავად სიშორისა, ქართველი მხატვრის სამომავლო გეგმებში საქართველოს  ადგილი მუდამ არის.

როგორ აღმოჩნდით მხატვრობაში, საიდან დაიწყო თქვენი და ხელოვნების ურთიერთობა?

ჩემი და ხელოვნების ურთიერთობა დაბადებიდანვე დაიწყო. ოჯახის ყველა წევრი ხელოვანი იყო: დედა, მარინა ხვიტია – დამსახურებული პიანისტი, მამა – თამაზ ვაჩნაძე, ინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორი, ბებია – მხატვარი, პორტრეტისტი, მარგარიტა (ცაგო) ნებიერიძე-ხვიტია, ბაბუა – გამოჩენილი მხატვარი მიხეილ ხვიტია. შესაბამისად, ჩემი ბავშვობა სავსე იყო მუსიკითა და ნახატებით. როცა დედაჩემი უკრავდა როიალის ქვეშ თამაში მიყვარდა, ასევე ბაბუას სახელოსნოში მუშაობის პროცესის ყურება. მაჯადოვებდა ფერები, ფუნჯები, საღებავების სუნი და თავად ბაბუა, რომელიც ხატვის პარალელურად, რაღაცებს მიხსნიდა და  მასწავლიდა ხოლმე.

ხელოვანების ოჯახიდან ხართ – შეგიძლიათ ცოტა მეტი მოგვიყვეთ მათ შესახებ? რა გავლენა იქონიეს თქვენს ცხოვრებასა და კარიერაზე?

არამარტო ოჯახი, არამედ მათი მეგობრები, მეზობლები (მხატვრების სახლში ვცხოვრობდით) ყველანი საოცარი, ნიჭიერი და საინტერესო ადამიანები იყვნენ. პატარა ვიყავი, მაგრამ დამამახსოვრდა ის მომენტები,  როდესაც ბებიაჩემი ელენე ახვლედიანთან მიმიყვანდა ხოლმე, ქალბატონი ელენე ფერად ფანქრებს გამომიტანდა და მის ლამაზად გაფორმებულ სამზარეულოში მახატვინებდა. ჩემი ბებია  პორტრეტისტი იყო და პასტელით მუშაობა უყვარდა. მრავალი საათი გამიტარებია მის ნატურად. გაუნძრევლად ჯდომა მიჭირდა, მაგრამ მაინც ვიჯექი და ბავშვობიდანვე წვლილი შემქონდა ხელოვნებაში. შედეგად კი დამრჩა საოცარი პორტრეტები და მოგონებები. ბავშვობისა და ახალგაზრდობის ნაწილი მოსკოვში გავატარე. იქაც მხატვრების სახლში ვცხოვრობდით, მეზობლები იმ დროის რუსეთის საუკეთესო მხატვრები იყვნენ. მათ ბინებში მინახავს ის ნამუშევრები, რომლებიც ახლა მსოფლიოს მუზეუმებში ინახება.

სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდზეც რომ მოგვიყვეთ…

სამხატვრო აკადემია დავამთავრე და  სტუდენტობაც შესანიშნავად მახსენდება. ძალიან მეგობრული და ძლიერი კურსი მყავდა და ლექტორებიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ. ამიტომაც იყო, რომ აკადემიის დიპლომს ყველა მოწინავე ქვეყანა ცნობდა. ჩემი თანაკურსელების უმეტესობა დღეს წარმატებული ხელოვანია და მიუხედავად დროის სიმცირისა და მანძილის სიშორისა, ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ.

რატომ წახვედით უცხოეთში და როგორი იყო ეს პროცესი, რა სირთულეებს გადააწყდით?

90-იან წლებში, როცა მძიმე სიტუაცია იყო და მე უკვე ორი პატარა ბავშვი მყავდა, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ აშშ-ში გადასვლა. იქ  დედაჩემისა და ბიძაჩემის ოჯახები ცხოვრობდნენ. დავსახლდით ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში. გამიმართლა, რომ დედაჩემის ოჯახი აქ იყო და ბევრ რამეში გვერდით გვედგნენ. ჯორჯიაში ბევრი ქართველია, ძალიან საინტერესო და კარგი ხალხი. გვაქვს ერთმანეთთან აქტიური ურთიერთობა, მიმოსვლა, ვერთობით ხოლმე ერთად. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, თავიდან გარკვეულ სიძნელეებს მაინც შევხვდით.

როგორ მოახერხეთ ამ ქვეყანაში თავის დამკვიდრება და რას საქმიანობთ ახლა? როგორც ვიცი, გარდა ფერწერისა, დიზაინითაც ხართ დაკავებული – ცოტა მეტი რომ მოგვიყვეთ თქვენი  მრავალმხრივი პროფესიისა და ცხოვრების შესახებ…

აშშ-ში პირველი სამსახური ერთ-ერთი წამყვანი სამხატვრო კომპანია იყო, რომელიც მთელ ამერიკის ტერიტორიაზე გალერეებს, სასტუმროებს და ოფისებს ნახატებით ამარაგებს. დიდი გამოცდილება და პრაქტიკა მივიღე მათთან მუშაობით. კომპანიიდან რომ წამოვედი, დავიწყე და დღემდე ვმუშაობ, როგორც დამოუკიდებელი მხატვარი. დროდადრო დიზაინებს ვაკეთებ, მაგალითად, კოსტიუმების, სახელგანთქმული მწვრთნელის – ტატიანა ტარასოვას თხოვნით რუსი, იაპონელი და ამერიკელი ოლიმპიელი მოციგურავეებისთვის შემიქმნია კოსტიუმები. ასევე პერიოდულად ვთანამშრომლობ ჩემი მეუღლისა და მამინაცვლის კომპანიასთან და ვასრულებ ორნამენტალური მეტალის დიზაინს.

რა მოგცათ ამერიკამ ახალი?

ამერიკაში განსაკუთებით მიყვარს ნიუ-იორკი, სადაც ბევრ დროს ვატარებ. ეს ქალაქი მავსებს ემოციურად და ენერგეტიკულად, რაც შემდგომ ჩემს ნამუშევრებშიც აისახება. ჩემმა მხატვრობამ აქ ტრანსფორმაცია განიცადა და კლასიკურიდან უფრო თანამედროვე გახდა.

რის თქმა გსურთ საკუთარი  ნამუშევრებით ?

ხატვა ყოველთვის მიყვარდა… ხატვა იყო და რჩება ჩემი სამყაროსთან ბუნებრივი ურთიერთობის საშუალებად. ნამუშევრებით გრძნობებს გამოვხატავ. მინდა ხალხს სამყაროს ჩემეული აღქმა დავანახო. ვაგრძნობინო ის ემოცია, რომელსაც მე განვიცდი. აბსტრაქციაში, პეიზაჟში თუ პორტრეტში მინდა უფრო მეტად ჩანდეს სულიერი, ესთეტიკური და ფსიქოლოგიური შემადგენელი, ვიდრე ფიზიკური. ბევრს ვმოგზაურობ და ახალ ადგილებსა და შთაბეჭდილებებს ჩემს ტილოებზე გადმოვცემ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რომელ ქვეყანას უკავშირდება ის?

გეგმაში მაქვს გამოფენა თბილისში, აგრეთვე პერსონალურ გამოფენას ვგეგმავ ნიუ-იორკშიც. ბოლო წლებში ბევრი გამოფენა მქონდა ევროპაში, რაც პოზიტიურად მოქმედებს ჩემზე და ჩემს შემოქმედებაზე. ვაპირებ გავაგრძელო და გავაღრმავო ევროპასთან თანამშრომლობა. ჩემი ნახატები გამოფენილი იყო პარიზში, ფლორენციაში, ვენასა და მიუნხენში. ასე რომ, ჩემს მომავალს ვუკავშირებ ამერიკასაც, საქართველოსაც და ევროპასაც, რადგან არ მიყვარს ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა.

ავტორი: თამუნა ზარანდია