ბულგარული ონლაინგამოცემა “Jenatadne” საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ავტორი ქვესათაურებად გამოყოფს მნიშვნელოვან თავისებურებებს და მკითხველსაც დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
“საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, ქართული სტუმართმოყვარეობის თავისებურებანი, ქრისტიანობა კაპადოკიიდან, ადგილობრივი ტოპონიმია, სამზარეულოს უნიკალური შტრიხები და 525 ენდემური ვაზის ჯიში, „ქარვის ღვინო“ და ღვინოში შემონახული მეგობრობა” – ასე დაასათაურა ავტორმა სტატიის ქვეთავები.
ავტორი, იანა პეტკოვა საქართველოში საკუთარი მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას უზიარებს მკითხველს და მხოლოდ ისტორიულ-კულტურული რაკურსით არ შემოიფარგლება. სტატიაში საუბარია საქართველოს ეკონომიკისა და ახალი აბრეშუმის გზის პროექტის შესახებაც, რომელიც, ავტორის თქმით, ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებისა და რეგიონის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
ბულგარულ გამოცემას არც ქართული ანბანი დარჩენია ყურადღების მიღმა. იუნესკოს არამატერიალურ კულტურის ძეგლად აღიარებული სამი ტიპის ქართული დამწერლობა, ავტორის თქმით, ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში და ქართველი ხალხის ხასიათსაც გამოხატავს.
სტატია ბულგარელ მკითხველს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს. „სტუმარი ღვთისააო, ამბობენ საქართველოში. თუკი ქვეყანას ეწვევით, თავადაც დარწმუნდებით ამაში“- ნათქვამია სტატიაში.