6 ფილმი, ასამდე კლიპი და ასამდე სარეკლამო რგოლი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელშიც 19 წლის ანა ამაშუკელმა უკვე მიიღო მონაწილეობა. 12 წლის იყო, როცა პირველ ფილმში გადაიღეს და პირველი ჰონორარიც აიღო – აქედან დაიწყო მისი დამოუკიდებელი ცხოვრებაც.
მალაიზიაში გამართულ სილამაზის კონკურსზე “Miss CosmoWorld 2019” საქართველო სწორედ ანა ამაშუკელმა წარადგინა. კონკურსის ორგანიზატორები ახალგაზრდა ქართველ მოდელს თავად დაუკავშირდნენ და სპეციალური ფოტოსესიისა და პორტფოლიოს მომზადების შემდეგ, თავადვე შეარჩიეს საქართველოს წარმომადგენლად.
“Miss CosmoWorld 2019” მალაიზიის დედაქალაქ კოალა ლუმპურში ნოემბერში გაიმართა და მასში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ეს ანასთვის მესამე საერთაშორისო კონკურსია, რომელზეც ის საქართველოს წარადგენდა. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი როლიც სწორედ ეს იყო – რაც შეიძლება მეტ ადამიანისათვის მიეწვდინა ხმა საქართველოს შესახებ.
„არასდროს მივდივარ კონკურსზე იმისათვის, რომ საკუთარი სილამაზე წარმოვაჩინო, ჩემთვის ეს საშუალებაა, ერთგვარი პლატფორმაა ჩემი ქვეყნის სახელის გასატანად და ძალიან ამაყი ვარ ყოველთვის, როცა ამას ვაკეთებ. მესმის, ჩემი წვლილი შეიძლება ძალიან მცირეა, მაგრამ მგონია, ასე აგურ-აგურ მივაღწევთ მიზანს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის საქართველოს სახელით გამოსვლა – სულს ვუბერავ ხოლმე ჩემი ქვეყნის სახელს.“
კონკურსის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე ანას საშუალება ჰქონდა ქართული კულტურა ადგილობრივებისა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ჟურნალისტებისათვის გაეცნო. როგორც თავად ამბობს, მისდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მალაიზიაშიც კარგად იცნობენ.
„როცა საქართველოზე ვყვებოდი, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ ხოლმე „ვაუ, ჯორჯიადან ხარ?!“ დადებითი პასუხის შემდეგ კი მაშინვე ქართულ ღვინოზე იწყებდნენ საუბარს. ღვინო ის სავიზიტო ბარათია, რომლითაც ყველგან გვიცნობენ და გამოგვარჩევენ. მახსოვს, ერთი ადგილობრივი მოვიდა ჩემთან და მომიყვა საქართველოში მისი მოგზაურობის ისტორია. ერთ-ერთ სოფელში, რომლის სახელიც არ ახსოვდა, როგორ მიიპატიჟა ქართველმა ბებომ, როგორ გაუმასპინძლდა და გაათბო წვიმისაგან გალუმპული სრულიად უსასყიდლოდ. ასე რომ, მხოლოდ ქართული ღვინო კი არა, სტუმართმოყვარეობაცაა ჩვენი სავიზიტო ბარათი, თანაც ისეთი, თუკი გამოუცდია ვინმეს, ვერასდროს რომ ვერ დაივიწყებს“.
სანამ „მის კოსმო 2019“ გაიმართებოდა, ანა საქართველოს სახელით 2 სხვა კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი, „Miss Desert” მონღოლეთში, გობის უდაბნოში გაიმართა და ქართველი ლამაზმანი ჟიურის ტოპ ხუთეულშიც მოხვდა.მეორე საერთაშორისო სამოდელო კონკურსი იყო, სადაც ანამ – მეხუთე ადგილი, ქართულმა ნაციონალურმა ტანისამოსმა კი საუკეთესოს ტიტული მოიპოვა.
კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა ამ სფეროში, პასუხი არ აქვს, რადგან თვლის, რომ სულ აქ იყო.
„მე რომ ხუთი წლის ვიყავი, მაშინ გახდა ჩემი და პატარა მის საქართველო 2005, შესაბამისად, არა მარტო მე, ჩემი ოჯახიც დიდი ხანია ამ სფეროშია. თუმცა, ყველაზე დიდი ტრამპლინი ალბათ, სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრში“, ია კიწმარიშვილთან მისვლა იყო – იქ ავიდგი ფეხი ქუსლებზე და იქიდან დაიწყო ჩემი სერიოზული ნაბიჯებიც“.
მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, ახალგზარდა მოდელი საკუთარ მომავალს სრულიად განსხავებულ სფეროში ხედავს. დღეისათვის 19 წლის ანა სამშენებლო კომპანია „მეტ დეველოპმენტში“ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. იგი საოცარი მონდომებით აკეთებს თავის საქმეს მეტი მშენებლობისთვის და თვლის, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც შეუძლია სასარგებლო იყოს როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე მისი ქვეყნისათვისაც. მიუხედავად ამ საპასუხისმგებლო საქმიანობისა, ის ახერხებს პროდიუსინგითაც იყოს დაკავებული და ისწავლოს „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში“.
მისი მოღვაწეობის სფეროები სრულიად მრავალფეროვანია, როგორც ხშირად ხდება ნიჭიერი და მშრომელი ადამიანების ცხოვრებაში. რა იქნება მომავალში და რომელი სფერო გახდება მისი ძირითადი გზა, ჯერ არ აურჩევია, თუმცა ერთადერთი რამ იცის ზუსტად – სადაც არ უნდა იყოს მომავალში, თავის ძალისხმევას, ნიჭსა და სილამაზეს ქართულ საქმეს მოახმარს.