ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტი ,,ხალხური საღამოები“ ამჯერად თბილისში გრძელდება. 24 ნოემბერს 19:00 საათზე ცენტრის დარბაზში სვანური ტრადიციული სიმღერა აჟღერდება, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ ავსტრიაში მყოფ, 2 წლის ანიტას დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში – თანხა შეუგროვონ მას.
,,რიჰოს” რეპერტუარში უმეტესად სვანური სიმღერა-ფერხულები და ცეკვებია. ამჟამად ანსამბლში სამი თაობა მღერის.
ტრადიციული საშემსრულებლო სტილით, მანერით, სინკრეტულობითა და კუთხურობისადმი ერთგულებით გამორჩეული ანსამბლი ივანე მარგიანმა გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩამოაყალიბა. თავდაპირველად, მას მოიხსეინებდნენ როგორც მესტიის სიმღერისა და ცეკვის გუნდს. ნახევარი საუკუნე ანსამბლს ცნობილი მომღერალი ისლამ ფილფანი ხელმძღვანელობდა.
,,რიჰო” საქართველოში გამართული თითქმის ყველა ფესტივლისა და კონკურსის მონაწილეა. ანსამბლმა წარმატებით მოიარა ევროპის ქვეყნები: საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, პოლონეთი და სხვა. ხშირად მასპინძლობს და ასწავლის ხალხური სიმღერების მოყვარულთა ანსამბლებსა და შემსრულებლებს უცხოეთიდან.