“რვა დღე საქართველოში: წიგნი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში მომლოცველობის შესახებ”- შვედი ავტორის, კარლ ანდერს ბრაიტოლცის წიგნის პრეზენტაციას დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა.
კარლ ანდერს ბრაიტოლცი ექვსი წლის წინ გახდა მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი. მან ამ ხნის განმავლობაში საქართველოსა და წმინდა ათონის მთაზე იმოგზაურა მომლოცველობის მიზნით. საკუთარ წიგნში ბრაიტოლცი აღწერს საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და ისტორიულ სიმდიდრეს.
გარდა ისტორიული და რელიგიური ფაქტებისა, წიგნი მდიდარია ავტორის შთაბეჭდილებებით. შვედი მართლმადიდებელის მიერ დანახულმა საქართველომ აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ღონისძიება გახსნა საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრეებს. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მიღება, რომელზეც საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ შვედური და დანიური მართლმადიდებლური მრევლის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.