20 ნოემბერს, რომის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალზე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, უტა ბერაიას სადებიუტო ნამუშევრის, “უარყოფითი რიცხვების” იტალიურ პრემიერა გაიმართა.
ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს. კოლონიაში რაგბის ვარჯიშები იმართება და შედეგად, იწყება ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღება, მთავარ გმირს კი უწევს გააკეთოს არჩევანი მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.
ჩვენებას, რომელიც რომის ცნობილ კინოთეატრ Nuovo Cinema Aquila -ში ჩატარდა, იტალიაში საქართველოს ელჩი, კონსტანტინე სურგულაძეც ესწრებოდა. ჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორმა უტა ბერაიამ და პროდიუსერმა დავით ისაკაძემ სტუმრების შეკითხვებს უპასუხეს.