ბულგარული ონლაინ-გამოცემა, “Avinissima” ქართული ტრადიციული კერძებისა და ღვინის შესახებ ვრცელ ბლოგ-პოსტს აქვეყნებს. ბლოგ-პოსტი აერთიანებს იმ ბულგარელთა შთაბეჭდილებებს, რომლებმაც საქართველოში იმოგზაურეს და თავად გაეცნენ ქვეყნის უძველეს გასტრონომიულ კულტურას.
მკითხველისათვის საქართველოს გაცნობა ქართული სუფრიდან იწყება. ავტორები მიმოიხილავენ ყველა კუთხისათვის დამახასიათებელ კერძებს და მიდიან ისეთ სიღრმეებში, როგორიცაა მაგალითად, განსხვავება მეგრულ და იმერულ ხაჭაპურს შორის და ქართული სანელებლების ფართო ასორტიმენტი.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მდიდარია გასტრონომიული საოცრებებით და ყოველთვის მიმზიდველია არა მარტო მზარეულებისათვის, არამედ ნებისმიერი ვიზიტორისთვისაც. შეუძლებელია ამ დახვეწილმა გემოებმა თქვენი გრძნობები და ემოციები არ დაიპყრონ“– ნათქვამია სტატიაში.
ავტორები ქართულ ღვინოზეც ამახვილებენ ყურადღებას და მკითხველს ღვინის დაყენების ტრადიციული ხერხების გაცნობის საშუალებასაც სთავაზობენ.
ბულგარული გამოცემა საქართველოს „ღვინის სამშობლოდ“ მოიხსენიებს და ხაზს უსვამს ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალურ მეთოდს, რომელიც დღემდე აქტიურადაა შემორჩენილი საქართველოში.
ავტორები ქართულ ქვევრებს ანალოგს ვერ უძებნიან და ბერძნულ ამფორებთან შედარებისას აღნიშნავენ, რომ „განსხვავებით ამფორისაგან, რომელიც ღვინის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებოდა, ქვევრში ღვინოს ამზადებდნენ და ინახავდნენ კიდეც. როგორც ქართველები ამბობენ, მიწაში დაკრძალულ თიხის ჭურჭელში ღვინო განსხვავებული გამოდის. მართლაც, ამოუხსნელი ფენომენია, რატომაა ქვევრის ღვინო ასეთი განსაკუთრებული. შეიძლება, ეს ქართული მიწის დამსახურებაცაა.“
„საქართველოს შესახებ ამ და სხვა საიდუმლოების ამოსაცნობად“ ავტორები უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებენ. რადგან, როგორც ისინი აღნიშნავენ, „უმჯობესია, ქართული ღვინო დააგემოვნოთ მის სამშობლოში მაშინ, როცა რომელიმე მეღვინე საკუთარ მარანში მიგიპატიჟებთ და ქვევრში შენახული ელექსირით თავადვე გაგიმასპინძლდებათ.“