თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალს კინოთეატრი ამირანი უმასპინძლებს.
ღონისძიებას გახსნის ბრიტანელი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“, რომელსაც მუსიკალურ აკომპანიმენტს გაუწევს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენებას დაესწრება მუსიკის ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდი. „შანტაჟი“ ნაწილია პროგრამისა „ბრიტანული სეზონი“, რომელიც ბრიტანეთის საბჭოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით ტარდება. „ბრიტანული სეზონი“ მაყურებელს მისცემს საშუალებას, ნახოს როგორც კლასიკური, ისე უახლესი ბრიტანული ფილმები.
გარდა ამისა, ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და “უოთერშედ ბრისტოლთან” თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის კინოფესტივალი წარმოადგენს 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეფიქთ“ (DepicT). ამ კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.
წელს თბილისის კინოფესტივალი მხოლოდ ეროვნულ კონკურსს ატარებს. ჯილდოები გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. კონკურსს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰიზერ სტიუარტი.
წლევანდელ ფესტივალზე ასამდე ფილმი იქნება წარმოდგენილი სექციებში: „ევროპული კინოფორუმი“, „ამერიკები“, „ჰორიზონტები“, „რეჟისორი ფოკუსში“, „ქვეყანა ფოკუსში“, „ქართული პანორამა“, „აპოლო: კინომეხსიერება“ და „განსაკუთრებული კინოჩვენებები“.
კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო პრომეთე გადაეცემათ კინორეჟისორ კარლოს რეიგადასს და სცენარისტსა და რეჟისორ ირაკლი კვირიკაძეს.