დღეს მსოფლიოში გავრცელებულ ტურიზმის უამრავ სახეობას შორის, სათავგადასავლო ტურიზმს გამორჩეული ადგილი უჭირავს.
იცოდით, რომ ფრინველებზე დაკვირვება (Birdwatching) მსოფლიოში დღეს უამრავი ადამიანის გატაცებაა? ის ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება. სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვება დიდ პოტენციალს ფლობს საქართველოშიც, კერძოდ აჭარის რეგიონში. უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს, რაც Birdwatching-ის მოყვარულების დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის.
შავი ზღვის სანაპირო, ბათუმის შემოგარენი ,,აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი. აქ ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. რეგიონი მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანია ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების კუთხით.
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალიც კი ტარდება სექტემბერში, რომელიც ხელს უწყობს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა სახეობების კონსერვაციას. ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამ დროს რეგიონს ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლებში, სახალვაშოსა და ჩაისუბანში ფრინველებზე დაკვირვებისათვის სპეციალური პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც დამარკულია. გარდა ამ სოფლებისა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკშიც (აქ მოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) და ჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).