,,ქართულ კვირას“ ათენიდან ქართველი ემიგრანტი სოფო იმერელი ეხმიანება. სოფო ხუთი წელია ათენში ცხოვრობს. ის თავისუფალ დროს წერას უთმობს. ცოტა ხნის წინ, რომანი ,,გოგონა აფხაზეთიდან“ გამოსცა, რომელიც მკითხველმა მალევე შეიყვარა…
ბავშვობიდან მიყვარდა საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმა. ყველაფერზე ჩემეული დამოკიდებულება მქონდა, ახლაც ასე ვარ. მძაფრად ბავშვობიდან ერთი კადრი მახსოვს. ვიყავი მშვიდი და წყნარი, ცოტა საკუთარ თავში ჩაკეტილიც… დედა ღამის სმენაში მუშაობდა. სახლს დავალაგებდი, დავჯდებოდი კიბის საფეხურზე და აი ასე, ველოდი ყოველ ღამე…
მთავარი სირთულეები ჩემს ცხოვრებაში მაშინ დაიწყო, როდესაც რამდენიმე წლის წინ, მოულოდნელად ყველაფერი თავზე დამენგრა. ეს იყო საბერძნეთში წამოსვლამდე ბოლო ორი წელი… მთელი ცხოვრება რასაც ვქმნიდი, ვკინძავდი, ყველაფერი გაიფანტა, აშენებული კედელი დაიშალა… ორი სტუდენტი შვილი თბილისში ნაქირავებ ბინაში, პატარა ბიჭი დეიდასთან, რომელსაც დედა და მამა მუდმივად ენატრება… მომიწია ყველაფერი მიმეტოვებინა. ქმარმა, თხუთმეტი წელი სიყვარულს რომ მეფიცებოდა, მოულოდნელად სარეცელი სხვას გაუყო…
არასოდეს მიფიქრია, ოდესმე შვილებს თუ დავტოვებდი და უცხო ქვეყანაში გადავიხვეწებოდი, მაგრამ საქმე მათ გადარჩენას ეხებოდა. არ გვქონდა ჭერი თავზე, რამდენი ხანი უნდა მეცხოვრა დასთან? გადაწყვეტილებიდან ერთ კვირაში უკვე ემიგრანტი გავხდი… გვერდში დამიდგნენ ახლობლები, რომლებიც აქ დამხვდნენ და არ მაგრძნობინეს უცხო მიწაზე მარტოობა. ასე გრძელდება დღემდე.
ემიგრანტობაში წერა დავიწყე…
გავიდა წლები და მხოლოდ ახლაღა შევძელი მივბრუნებოდი საყვარელ საქმეს. ამისკენ მეგობარმა მიბიძგა, რომელიც ფსიქოლოგია. ერთ დღესაც ავდექი და ნოველა დავწერე, ემიგრანტულ ცხოვრებას ეხებოდა. გადავუგზავნე მას და მირჩია სოციალურ ქსელში გამომექვეყნებინა. ნოველამ რამდენიმე წუთში ასობით კომენტარი და მოწონება დაიმსახურა. ჩემში რაღაც ახალი მოხდა, წერას მივუბრუნდი. ყოველდღე ვწერდი და ვუგზავნიდი ფსიქოლოგს. ის იყო და არის ჩემი ლექსის თუ ნოველების პირველი შემფასებელი, ბევრჯერ ვკამათობთ კიდეც.
რაც შეეხება წიგნის თემას – იყო 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. დაახლოებით ღამის ცხრა საათი იქნებოდა, დავჯექი და ერთი ამოსუნთქვით დავწერე ნოველა “გოგონა აფხაზეთიდან”. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ ის გოგონა სწორად მე ვაყავი… სოციალურ ქსელში გამოქვეყნებიდან მალევე, ერთმა ქალბატონმა მომწერა, რომ ნაწარმოები აუცილებლად რომანად მექცია. დავფიქრდი და დავიწყე მუშაობა წიგნზე, რომელსაც ერთი წელი ვქმნიდი. “გოგონა აფხაზეთიდან” – ეხება აფხაზეთის ომის დღეებს, გმირები ჩემი გამოგონილია. წიგნში არის რამდენიმე ნამდვილი ისტორია, მათ შორის ერთი ამბავი აფხაზ ქალბატონს ეხება. მთავარი გმირი და მისი ისტორია ჩემი შექმნილია. აფხაზი გოგონა ცდილობს იპოვოს დაკარგული ქართველი ბავშვი, ჭუბერის გზაზე მშობლებმა რომ ჩააბარეს. წლები გადის, მას უკვე შვილები და შვილიშვილები ჰყავს და ისტორია გრძელდება… დანარჩენს წიგნში ნახავთ.
წერა მეხმარება ყველაფერის დავიწყებაში. ჩემს მიერ შექმნილი ისტორიებით ვცოცხლობ, თითქოს მე ვარ ყველა გმირი… ხანდახან, როცა მძიმე თემაზე ვწერ, თვითონაც ვტირი და პერსონაჟის მსგავსად განვიცდი. ყველანაირ მონატრებას კალმით ვუმკლავდები. წერა ძალიან მეხმარება ნოსტალგიის დაძლევაში. როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავ, მაშინვე მაგიდას მივუჯდები და ვიწყებ ჩემს სამყაროში მოგზაურობას. ახლაც ვმუშაობ ახალ წიგნზე. სავარაუდოდ მას მომდევნო წელს გამოვცემ.
დღეს ბებოს ვუვლი, რომელიც 92 წლისაა. ოთხი წელი ვიმუშავე სხვა ბებოსთან, რომელიც ვერ საუბრობდა. მისი გამოხედვით ვხვდებოდი ყველაფერს. თბილი ადამიანი იყო. როცა ცუდად ვიყავი, მას ჩავეხუტებოდი, გულზე მივადებდი თავს, ისიც ხელს გადამისვამდა თავზე და კარგად ვხდებოდი. ოთხი წელი ცოტა დრო არ არის, ჩემს ხელში დალია სული. ძალიან განვიცადე…
ახალი ბებოც ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანია. მუდმივად გვლოცავს მე და ჩემს შვილებს. ერთხელაც მეძახის: სოფია! სოფია! სოფიააა! მივედი გულამოვარდნილი, ვეკითხები რა მოხდამეთქი და პასუხი: მიყვარხარ!“
რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები მეხმარებიან გადავიტანო სირთულეები.
იმ მონატრებას კი ვერაფრით ვივსებ, რასაც ოჯახის, შვილების, ქვეყნის მონატრება ჰქვია. აქ ყველაფერი სხვა ფერია, სულ სხვა სამყაროა. უბრალოდ ვცდილობ ნაკლებად ვიფიქრო იმაზე, რაც ტკივილს მიათმაგებს. აი, როცა ხელით შევეხები ყველაფერ მონატრებულს, ჩემი ქვეყნის ჰაერს ჩავისუნთქან, მიწაზე ფეხს დავდგამ და ყველას ჩავიხუტებ, მაშინ შეივსება ეს სიცარიელე და ტკივილიც გაქრება. ჩემი სამომავლო გეგმები ჩემს ქვეყნას უკავშირდება.
მეტს ვერაფერს გეტყვით, ყველაფერს დრო აჩვენებს. უბრალოდ დაგიტოვებთ ჩემი ფიქრებიდან პატარა ნაწყვეტს:
ხანდახან თვალი უნდა დახუჭო;
ხანდახან უნდა დაყრუვდე კიდევაც;
ხანდახან პირში წყალიც უნდა ჩაიგუბო;
ხანდახან ზურგი უნდა აქციო და წახვიდე;
ხანდახან უყურო და არაფერი მოიმოქმედო;
ხანდახან შველაც უნდა ითხოვო, რომ გადარჩე;
ხანდახან ხელი უნდა გაუწოდო და წამოაყენო, ისიც, ვისაც ერთ დროს შენი
ძირს დაცემა ახარებდა.
ხანდახან ნიღაბიც უნდა მოირგო, რომ შენი ტკივილი თუ სიხარული სხვას არ
დაანახო!
ხანდახან უნდა დატოვო, უშენობამ რომ შეაწუხოს და მიხვდეს, თუ რაოდენ
ძვირფასი ადამიანი ჰყავდა შენი სახით გვერდით!
ხანდახან, ჩუმად შენთვის უნდა იყო და შორიდან დააკვირდე ყველაფერს.
დასკვნების გამოტანა ნაადრევად არასდროს არ უნდა ინდომო, დრო, დრო
განახებს ყველაფერს!
ხანდახან შენს ახლოს, არავინ უნდა მოუშვა, რომ გული არ გატკინონ…
ხანდახან უნდა დაჯდე და იფიქრო, რისთვის და რატომ ტკენენ ადამიანები ასე უმოწყალოდ გულს, რომ შენ მორიგი მსხვერპლი არ იყო გულის ტკივილის.
ხანდახან ურწმუნოც უნდა დაარწმუნო…
ხანდახან შეცდომად უნდა ჩაუთვალო, როცა უმიზეზოდ გატკენენ და უნდა
აპატიო,
ხანდახან უნდა დაჯდე და იტირო კიდეც.
შეცდომაც უნდა დაუშვა, მერე საკუთარ თავში დამნაშავე რომ არ
ეძებო…
ხანდახან ყველაფერი ხდება, ოღონდ ხანდახან…
სოფო იმერელი