ლონდონში ყოველწლიური ღონისძიება „რუსთაველის დღე“ ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და Royal Asiatic Society-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
წელს ღონისძიება ანგლო-ქართულ კავშირებს მიეძღვნა. კონფერენცია გახსნეს ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წევრმა, დავით გიგაურმა და Royal Asiatic Society-ის დირექტორმა, ელისონ ოტამ.
მთავარი მომხსენებლის სტატუსით, სემინარზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც გამოსვლაში ისაუბრა მარჯორი უორდროპის უდიდესი როლისა და მნიშვნელობის შესახებ ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში.
ბრიტანელმა სწავლულმა და თარჯიმანმა, მარჯორი უორდროპმა შეისწავლა ქართული ენა, იმოგზაურა საქართველოში და პირველმა თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურ ენაზე.
სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული მეწარმეობის ინდუსტრიის წარმომადგენლის, მიქაელ არამიანცის მოღვაწეობა და კავშირები საქართველოსთან. აღსანიშნავია, რომ მიქაელ არამიანცს უკავშირდება რიგი ამბიციური პროექტები თბილისში, მათ შორისაა მეცენატის მიერ აშენებული ცნობილი საავადმყოფო და სასტუმროები.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „რუსთაველის დღის“ აღნიშვნას ლონდონში ყოველწლიური სახე მიეცემა.