პასპორტის შეცვლის მოთხოვნის წესი იცვლება, რაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებას უკავშირდება

დაკარგვის საფუძვლით, პასპორტის შეცვლის აღების წესი იცვლება. მიზეზად კი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სახელდება. შეცვლის მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს, სამართალდამცავი ან ამ გარემოების თაობაზე, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ახალ დოკუმენტში ნათქვამია: იმისათვის რომ, ახალი რეგულაცია ტვირთად არ დააწვეს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, პროექტით გათვალისწინებულია პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიღების შესაძლებლობა.

შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. კანონპროექტის ინიცირება კი 11 ნოემბრის ბიუროს სხდომაზეა დაგეგმილი.

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტი გარდამავალი ხასიათის ნორმას ითვალისწინებს, რომლის გათვალისწინებით, კანონის ამოქმედებამდე მიღებულ განცხადებაზე ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ გავრცელდება.

„კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის დაკარგვის საფუძვლით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ის პირებიც მიმართავენ, რომლებსაც დოკუმენტი რეალურად არ დაუკარგავთ და შემდგომ ამ დოკუმენტებით ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას – როგორც საქართველოდან გასვლას, ასევე შენგენის ზონაში გადაადგილებას. ის გარემოება, რომ უცხო ქვეყანაში ხშირად ვერ ხერხდება მოქმედი დოკუმენტის იდენტიფიცირება, პრობლემებს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.

წინამდებარე ცვლილებაზე მუშაობის პროცესში, მხედველობაში იქნა მიღებული ის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული თუ სხვა სახის სარგებელი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და მისი თითოეული მოქალაქე იღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შედეგად. აგრეთვე, ის დიდი შრომა და ძალისხმევა, რომლის გაწევაც მოუხდა ქვეყანას ამ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პრივილეგიის მოსაპოვებლად. არ შეიძლება, ეს ისტორიული მიღწევა – ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, ამ მიღწევის დაცვისთვის აუცილებელია, დოკუმენტის ბოროტად გამოყენების მაქსიმალური პრევენცია და ამ მიზნით პასპორტის გაცემის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და სრულყოფა.

„ამავდროულად, იმისათვის, რომ მითითებული ცვლილებით გათვალისწინებული რეგულაცია ტვირთად არ დააწვეს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, პროექტით გათვალისწინებულია პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიღების შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია კანონპროექტში.