სიახლე საფრანგეთში მყოფ მიგრანტებს – მომავალი წლიდან საფრანგეთი დასაქმების მსურველი მიგრანტების მიღებაზე კვოტების შემოღებას აპირებს, რაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს ამ ქვეყანაში ლეგალური დასაქმების საშუალებას მისცემს.
კვოტების სისტემა 2020 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საფრანგეთის შრომის მინისტრი მურიელ პენიკო აცხადებს. ინფორმაციას „ნიუ იუორკ ტაიმსი“ ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ახლა საფრანგეთში იმ სამუშაოების სიის შედგენაზე მუშაობენ, სადაც ის პროფესიები იქნება ჩამოთვლილი, რაზეც საფრანგეთში აჟამად არის მოთხოვნა.
„ჩვენი უპირველესი მიზანია, საფრანგეთის მოქალაქეები შრომის ბაზარზე დავაბრუნოთ, ამის შემდეგ კი ჩვენ დავეხმარებით მიგრანტებს და მათ დასაქმების საშუალებას მივცემთ. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალების მისაღებად იმ სფეროებში, რომლებიც ამჟამად კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის,“ – აცხადებს პენიკო.