მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს დახარჯავს.
ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სამთავრობო კონსულტაციები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, ქარინ იარ დე გერერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.
კონსულტაციების დროს განიხილეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი, ასევე, სამომავლო გეგმები.