გამოფენა, სახელწოდებით “საქართველო – უძველესი კულტურის ქვეყანა”, მინსკში 7 ნოემბერს საქართველოს საელჩოსა და ბელარუსის ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გაიხსნა.
წარმოდგენილი ასი ფოტოსურათი თემატურადაა დაყოფილი და მოიცავს ქართულ არქიტექტურას, ისტორიულ არტეფაქტებს, ქართულ ხელნაწერებსა და ქრისტიანული კულტურის ძეგლებს. როგორც ორაგანიზატორები ამბობენ, განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის ტურისტულ პოპულარიზაციაზეა გაკეთებული.
გამოფენის გახსნას დიპლომატიური კორპუსის წევრებთან ერთად, დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და ბელორუსი სტუდენტები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
გახსნაზე ბელარუსმა მუსიკოსებმა გია ყანჩელის ნაწარმოებები, ხოლო ანსამბლ „მზიური საქართველოს“ წევრებმა ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს. ღონისძიების შემდეგ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სტუმრებს ქართული ღვინითაც გაუმასპინძლდნენ.
ექსპოზიცია, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა, 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.