ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 11-დან 20 ნოემბრამდე შეერთებულ შტატებს ეწვევა და კონცერტებს ნიუ იორკში, ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონში გამართავს. გასტროლი საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
ანსამბლი შტატებში უკვე მეოთხედ გაემგზავრება, რა დროსაც ერთ-ერთ კონცერტს White Light festival-ის ფარგლებში, მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ, ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრის სცენაზე გამართავს (ლინკოლნ ცენტრი აერთიანებს რამოდენიმე საკონცერტო დარბაზს, რომელთა შორისაა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, ჯულიარდი და სხვა). უნდა აღინიშნოს, რომ ლინკოლნ ცენტრში ანსამბლი უკვე მეოთხედაა მიწვეული. კონცერტის ბილეთები ჯერ კიდევ სექტემბერში დადებიდან რამდენიმე საათში გაიყიდა.
შეერთებულ შტატებში ტურნეს ფარგლებში ანსამბლი კონცერტებთან ერთად, ვორქშოფებსაც გამართავს. აღსანიშნავია, რომ პრინსტონის უნივერსიტეტში ანსამბლს ელოდება 90 კაციანი გუნდი, რომელთაც „ბასიანი“ შეასწავლის ქართული ხალხური სიმღერის ორ ნიმუშს. ეს სიმღერები იმავე საღამოს კონცერტზე ერთობლივად შესრულდება.