საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა ერზერუმში გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების ფოტოებს, სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი განცხადებით, საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.
ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლადაღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.“ – წერს გიორგი ჯანჯღავა.
13 წლის იყო, როცა სელჯუკთა სულთანს მიათხოვეს. ახალგაზრდა მბრძანებელს თავდავიწყებით შეუყვარდა ლამაზი მეუღლე, რომელსაც სიყვარულით “გურჯი-ხათუნი” შეარქვა.
თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე. ამას ისლამის რჯული სასტიკად კრძალავდა, მაშინ მეფემ ხერხი იხმარა და ემბლემა შექმნა – მზე ლომის ზოდიაქოში. 1236 წელს მოჭრილ მონეტაზე ფაფარაშლილ ლომთან ერთად მზის დიკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა. აქედან იღებს სათავეს აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა.
გურჯი ხათუნს მუსლიმანურ სამეფოში წმინდანივით სცემდნენ თაყვანს და ორი სამყაროს – მუსლიმანურისა და ქრისტიანულის დედოფალს უწოდებდნენ. სილამაზისა და გონიერების წყალობით ის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.