ინტერნაციონალური თეატრალური ასოციაცია TAM’ART-ი პარიზში, 2017 წელს პანტომიმის რეჟისორმა და მსახიობმა თამარ ლოჩოშვილმა დააარსა. ასოციაციის მიზანი თავიდანვე, სპექტაკლებისა და პერფორმანსების დადგმა, ქართული და ფრანგული კულტურის დაახლოება, არტისტების თანამშრომლობა და ერთობლივი პროდუქციის შექმნა, ასევე საზღვარგარეთ ქართული თეატრალური დასების გაყვანა და უცხოელი მაყურებლისათვის ქართული პიესების გაცნობა იყო.
,,მე ვსაუბრობ უხმოდ სიტყვების გარეშე, სხეულის ენით“ – ეს მისი გზავნილია მათთვის, ვინც მისი შემოქმედებით ინტერესდება. თამარ ლოჩოშვილი ბათუმელი ხელოვანია, რომელიც 12 წელზე მეტია, პარიზში მოღვაწეობს. ის საერთაშორისო პროექტ „ევროოდისეის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია აჭარიდან – სწორედ ამ პროექტის მეშვეობით მოხვდა ოცნების ქალაქში…
ის, ასევე აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართულ ხელოვნებასა და კულტურას ფრანგი მაყურებლების წინაშე. 2019 წლის 14 იანვარს, მისი ორგანიზებით, პარიზში ქართული თეატრის დღე პირველად აღინიშნა.
,,ასე იქნება ყოველთვის და ყველგან” – მეუბნება თამარი და იხსენებს, როგორ გამოხატა საქართველოს ოკუპაციაზე საკუთარი აზრი თეატრალური პერფორმანსით, როგორ ცდილობს შეაყვაროს უცხოელ ბავშვებს ქართული კულტურა, როგორ დგამს შორეულ პარიზში სპექტაკლებს მშობლიური თემატიკით და ტოვებს ხელწერას, რომელსაც ყოველთვის ეტყობა ქართული ხასიათი.
– 12 წელია პარიზში ხართ… რა გზა გამოიარეთ აქამდე? პარიზამდე და პარიზის შემდეგ თქვენი ცხოვრება – მოგვიყევით…
– ყოველთვის მქონდა სურვილი და დიდი ინტერესი, წავსულიყავი ევროპის რომელიმე ქვეყანაში და გამეგრძელებინა სწავლა. 2004 წელს დავამთავრე ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი – პანტომიმის სპეციალობით. რის შემდეგაც, დრამის კათედრაზე, ჩემივე პედაგოგის, პროფესორ ამირან შალიკაშვილის ასისტენტ-პედაგოგად დავიწყე მუშაობა. 2006 წლის 1 სექტემბრიდან, გავხდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების ფაკულტეტის კათედრაზე ასისტენტ-პროფესორი. პარალელურად, ვთანამშრომლობდი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან (ქორეოგრაფი 2000-2006 წლებში).
2008 წელს, მონაწილეობა მივიღე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, განხორციელებულ რეგიონალურ პროგრამაში ,,Aurodissée’’ და ჩემივე პროფილით, როგორც პანტომიმის მსახიობმა და რეჟისორმა, 6 თვიანი სტაჟით, მიმიწვია პარიზის თეატრმა „La Terre“. ამ პერიოდშივე მივიღე მონაწილეობა ამ თეატრის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებში.
2016 წელს, დავამთავრე ბაკალავრიატი ,,ხელოვნებათმცოდეობა, ცეკვის განხრით’’. პარიზი 8-ის უნივერსიტეტში და გავაგრძელე სწავლა მაგისტრატურაში (2016-2018). CND Pantin-ში ცეკვის ნაციონალურ ცენტრში, გავლილი მაქვს სტაჟირება ცნობილ ფრანგ ქორეოგრაფებთან გაელ ბურჯისთან (Gaëlle Bourges – association Os). მის ერთ-ერთ სპექტაკლში ვმონაწილეობდი ბრესტის თეატრში, როგორც დამატებით მოცეკვავე და ასევე, ქორეოგრაფ დომინიკ ბრანთან. მონაწილეობა მივიღე ცეკვის ფესტივალშიც Bub bouncing universe in a bulk – Festival Artdanthé Théâtre de Vanves, ქორეოგრაფი იყო Eric Arnal Burtschy.
ვმუშაობდი მსახიობად თეატრალურ ჯგუფთან CAMPE. დავდგით ორი ერთობლივი სპექტაკლი. ერთ-ერთი მათგანი – Et j’ai pensé à la révolte, წარმოვადგინეთ თეატრალურ ფესტივალზე Théâtre de Verre lors du festival l’Appel de la Lune. ვმონაწილეობდი მსახიობად ფილმებში: ტრიუმფი 2012 – Acteur de complément pour le film The Smurfs 2 და ორწუთიან სურათში, რომელიც ქართველმა რეჟისორმა სანდრო შეროზიამ გადაიღო. 2016 წლის აპრილში, პარიზში Centre Barbara-ში ჩავწერე კლიპი სერგი გვარჯალაძის მუსიკაზე ARTIFICIAL LOVE, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნული კლიპი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, საქართველოში გაშუქდა.
ამასთანავე, ვარ ავტორი და შემსრულებელი სპექტაკლისა „ნუ ელი სიტყვას“, რომლის პრემიერა 2016 წლის 5 ივლისს პარიზის თეატრ Théatre de verre-ში შედგა. ეს სპექტაკლი 2017 წელს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, ქართველი მაყურებლის წინაშეც წარვადგინე.
–მოგვიყევით ინტერნაციონალური თეატრალური ასოციაცია TAM’ART- ის შესახებ…
– გარდა იმისა, რომ მისი მიზანი სპექტაკლებისა და პერფორმანსების დადგმა და წარმოდგენა, ქართული და ფრანგული კულტურის დაახლოება და ხელოვანთა დასაქმებაა და ა.შ. ჩვენს ამოცანებში შედის ქართველი მაყურებლისათვის, თანამედროვე თეატრალური და ქორეოგრაფიული ტენდენციების გაცნობაც. ასოციაციამ საფუძველი ჩაუყარა პარიზში ქართული თეატრის დღის აღნიშვნის ტრადიციასაც.
– 2019 წლის 14 იანვარს, პარიზში პირველად აღინიშნება თქვენი ორგანიზატორობით, ქართული თეატრის დღე… როგორ დაიგეგმა ეს მოვლენა და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ქართული თეატრის დღე აღვნიშნეთ პარიზის თეატრ Théâtre Darius Milhaud-ში. ჩვენს მიერ მოწვეულმა ლანჩხუთის თეატრის დასმა წარმოადგინა სპექტაკლი “დაარქვი რაც გინდა”. სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, ბევრი დამსწრე ჰყავდა და კარგი გამოხმაურება მოჰყვა. სამწუხაროდ, სამომავლოდ ჩვენი ასოციაციის მორიგი პროექტი (მიზნად ისახავდა მორიგი ქართული დასის ჩამოყვანას ქართული სპექტაკლით), დიასპორის მხრიდან არ დაფინანსდა. იმისათვის, რომ განვახორციელოთ მიზნები სამომავლოდ, გვესაჭიროება მხარდაჭერა. ჩვენი თეატრალური ასოციაცია, ამ პროფილის პირველი ორგანიზაციაა საფრანგეთში, რომელიც ენთუზიაზმით მუშაობს და ბოლო ძალებით ცდილობს ფუნქციონირება გააგრძელოს. ხელშეწყობის პირობებში, მას გაცილებით დიდი შემოქმედებითი რესურსების ამოქმედება შეუძლია. ასოციაციას უამრავი პროექტი აქვს, მათ შორისაა ,,ჯადოსნური ქოლგაც“, რომლის პრემიერა ახლახანს გაიმართა. სამომავლოდ, ვგეგმავთ ფრანგი არტისტების საქართველოში ჩამოყვანას და საერთო სპექტაკლის დადგმას, შემდეგ ამ დადგმის საფრანგეთშიც ჩამოტანას.
– ალბათ მარტივი არ არის, გაუწიო პოპულარიზაცია შენს ქვეყანას უცხოეთში და ქართული კულტურა და ხელოვნება გააცნო სხვა კულტურის ხალხს. როგორ ახერხებთ ამას ფრანგი საზოგადოების წინაშე?
– ამ საქმეს ყოველთვის და ყველგან გავაკეთებ. როდესაც უნივერსიტეტში ცეკვის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ ქართულ ცეკვაზე ძალიან მწირე ინფორმაცია ჰქონდათ. გადავწყვიტე, საკურსო თემად სწორედ ქართული ცეკვა ამერჩია და ვიდეო-მასალაც დავტოვე კათედრაზე.
ვმუშაობ ბავშვებთან პარიზის სკოლაში, სადაც თეატრის და ცეკვის წრეებზე ვასწავლი. სიამოვნებით ვაცნობ მათ ქართულ კულტურას. ჩემი პერფორმანსებით, რომლებიც ორჯერ წარმოვადგინე პარიზში ღია ცის ქვეშ, სლოგანით ,,ჩემი ქვეყნის 20% პროცენტი ოკუპირებულია“, კიდევ ერთხელ შევახსენე ევროპელებს ჩვენი ჭრილობა. მუზეუმში პერფორმანსით ,,როდენის და კამილ კლოდელის სიყვარულის ისტორია’’ წარმოდგენილი მქონდა ქართული ფოლკლორი და ჩემი სპექტაკლებით, რომლებიც ქართული ხელწერით იქმნება.
– სხეულის მოძრაობები, ისეთივე დაუშრეტელი და ამოუწურავია, როგორც სიტყვები. ბევრნაირი სტილი და ტექნიკა არსებობს, როგორც ცეკვაში ასევე პანტომიმაში… სიტყვას ,,პანტომიმა“ საფრანგეთში არ იყენებენ. ეს ძველი სახელია. დღეს აქ, ,,მიმს“ ეძახიან. პარიზში, როდესაც ჩამოვედი განსხვავებული ტექნიკას დავეუფლე – ,,ეტიენ დეკრუს’’ ტექნიკას. დიდმა მიმმა მე-19 საუკუნის დასაწყისში, ეს ხელოვნება თანამედროვე გახადა.
2013-2014 წლებში ორწლიანი ინტენსიური კურსი გავიარე, პარიზის ერთ-ერთ მოწინავე სახელოვნებო სკოლაში (Conservatoire National Supérieur de Musique et de Danse de Paris), პარიზის მუსიკისა და ცეკვის ეროვნულ უმაღლეს სასწავლებელში. ,,ლაბანის მეთოდის დამწერლობა“ არის მოძრაობის დამწერლობა, სადაც შევისწავლე საცეკვაო მოძრაობებისა და ჟესტების შესაბამისი ნიშნებით ჩაწერა და მათი ანალიზი.
ლაბანის ეს მეთოდი, საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჯერ არ არის, მაგრამ ვფიქრობ, სამომავლოდ საინტერესო იქნება მისი დანერგვა. ეს საშუალებას მოგვცემს, ფურცელზე გადავიტანოთ უმშვენიერესი ქართული ცეკვები. მეთოდი ასევე შესაძლებელს ხდის, სპექტაკლის სასცენო მოძრაობების, ჟესტების ზუსტად ჩაწერას და მათ ანალიზს. საგამოცდო თემად, ავირჩიე ქართული ცეკვა „დაისი“, რომელიც ლაბანის მეთოდით გადავიტანე ფურცელზე.
– სხეულის ენით, თქვენი უხმო საუბარი როგორ მიიღო პარიზმა? და საინტერესოა, საერთოდ რამდენად მარტივად იღებს ეს ქალაქი უცხოელ ხელოვანებს?
– პარიზი ის ქალაქია, სადაც ხელოვნება ყვავის, ნახულობ ბევრ საინტერესოს და ეს შთაბეჭდილებები მიგვყვება სამუდამოდ… ალბათ ამიტომაც შემოვრჩი ამდენი წელი, მაგრამ დიდი კონკურენციაა. სამწუხაროდ, როცა გსურს შეხვიდე ფრანგების სამყაროში და გახდე აღიარებული ხელოვანი, ამ დროს ყველა კარს გიკეტავენ და გიწევს ლოდინი დიდ რიგში, რომელსაც ბოლო არ უჩანს და არ იცი, როდის მოვლენ შენამდე…
მთავარია, ამ რიგში დგომის დროს არ გაჩერდე. უნდა იბრძოლო, სანამ არ შეგამჩნევენ და სანამ კარი არ გაიღება. ხელოვნებაც, ცხოვრების მსგავსად, წვრილი ძაფია და ისე უნდა იარო სუთქვაშეკრულმა, რომ ფეხი არ დაგიცდეს და არ გაწყდეს.
– ამ რიგში დგომისას ალბათ უამრავი ოცნება და სურვილია, რომელიც გინდათ რომ აუცილებლად ასრულდეს…
-ალბათ მაინც ჩემი პროფესიული მიზნები, რომლებიც ისევ გზაშია… და ბევრი სხვა ოცნებები, რომლებსაც ვერ ვიყვირებ ხმამაღლა, რადგან ის ჩემი ოცნებები და სურვილებია…
– პარიზში, არ ვართ განებივრებული ქართული სპექტაკლებით, ამიტომაც ,,ჯადოსნური ქოლგის’’ მიზანია, გავცეთ მეტი სითბო, სიყვარული და დავიმუხტოთ სასიამოვნო მუსიკით და ცეკვის სანახაობით, რაც ძალიან გვჭირდება ყველა ჩვენგანს – დიდს თუ პატარას. ეს არის სპექტალი, რომელშიც ორი კულტურა ერთმანეთს ერწყმის. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი უხმოა და მთელი 35 წუთი მხოლოთ ჟესტებით ენით საუბრობ, ბავშვებისთვის მისაღები და მარტივი გასაგები აღმოჩნდა. ,,მიმი“ ის ხელოვნებაა, რომელსაც შეუძლია ბავშვიც გადაიყვანოს არარსებულ სამყაროში და სივრცეში.
– საქართველოს ხშირად სტუმრობთ, მშობლიურ ქალაქს? და რა განცდა გაქვთ ხოლმე ამ დაბრუნებების დროს?
– ძალიან ხშირად. განსაკუთრებით ზაფხულობით, როცა სითბო, მზე და შავი ზღვა მელოდება. ძალიან თბილი განცდაა. დრო ძალიან ნელა გადის და სისხლი თბება. სხვანაირად ვსუნთქავ…
ყველაზე მეტად, მენატრება ხოლმე მზის ჩასვლა ბათუმიდან შავ ზღვაში. ეს ყველაზე ლამაზი და სიმშვიდით სავსე დროა, საუკეთესო მედიტაციაა – ენერგიით ვიმუხტები. ამ სიცარიელის შევსებას პარიზში ასე ვცდილობ: გავდივარ ღვთისმშობლის ტაძართან და გავყურებ სენას. ამ ადგილას სენა თავისი ხედებით ულამაზესია, არასდროს მწყინდება მისი ყურება…
– საფრანგეთი ის ადგილია, სადაც დიდხანს დარჩებით?
– ალბათ კი, რადგან აქ შემოქმედებითად ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ბევრი საინტერესო და ახალი რამ ხდება, რაც მზრდის და მავსებს. მაგრამ საბოლოოდ, შემოქმედებითი პროექტებით ჩემს ქვეყანას მინდა დავუბრუნდე, რადგან ვფიქრობ – ,,ყველგან კარგია, მაგრამ შინ უკეთესი’’.