31ოქტომბერს, უესტმინსტერის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას “საქართველოს დღე”, რომელიც მიეძღვნა თემას „საქართველო, როგორც განათლებისა და მეცნიერების ჰაბი”.
ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა და გაერთიანებულ სამეფოში აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დამსწრე საზოგადოებას მთავარი მომხსენებლების სტატუსით მიმართეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, საგარეო ურთიერთობათა და რბილი ძალის დეპარტამენტის დირექტორმა პოლ ბრამელმა.
პოლ ბრამელმა მიმოიხილა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებით აღნიშნა მჭიდრო აკადემიური, კულტურული და ხალხთა შორისი კავშირები ორ ქვეყანას შორის.
კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის წევრმა და საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ხელმძღვანელმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ ისაუბრა “საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება სამედიცინო განათლებისა და კვლევის სფეროში”. ღონისძიების ფარგლებში, დოქტორმა კონსტანტინე თოფურიამ და პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოში განათლების და მეცნიერების სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
საქართველოს დღის თანა-ორგანიზატორებმა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის ლექტორებმა ნინო ფორაქიშვილმა და პიტერ ლიდიარდმა ისაუბრეს საქართველოზე როგორც განათლებისა და მეცნიერების ცენტრზე, აგრეთვე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბიო-სამედიცინო მეცნიერებაში არსებულ თანამშრომლობაზე.
განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს: საქართველო-ბრიტანეთს შორის დამეგობრებული ქალაქების, კერძოდ ბრისტოლი-თბილისი, ნიუპორტ-ქუთაისი და ნიუქასლი-ახალციხის წარმომადგენლებმა; ასევე, საქველმოქმედო ორგანიზაცია “მკურნალის“ და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წევრებმა.
კონფერენციის ფარგლებში, ჯო სიმენმა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ყოფილმა დირექტორმა, წარმოადგინა საქართველოს შესახებ დაწერილი საკუთარი წიგნი “Roses down the barrel of a gun –Georgia love and revolution”.