საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „ყვავილების გამოფენა’’ მოეწყო. ღონისძიება უკვე მესამედ გაიმართა.
2 დღის მანძილზე, ბაღის კოლექციიდან, ქრიზანთემების 100-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიშის ყვავილები იყო წარმოდგენილი, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია.
გამოფენაში მონაწილეობდნენ მსხვილი სათბურები და სანერგე კომპანიები, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ.
ბოტანიკური ბაღის ეკოგანათლების წარმომადგენლებმა სპეციალურად ბავშვებისთვის, ქოთანში ყვავილის სწორად ჩარგვის მასტერკლასები ჩაატარეს და დაინტერესებულ პირებს, მცენარის მოვლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიაწოდეს.
„ყვავილების გამოფენა’’ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციად იქცა და მომავალ წელსაც ჩატარდება.