6 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი უმასპინძლებს არგენტინაში მცხოვრები, ქართველი ხელოვანის გოჩა გაიოსის (შათირიშვილი) მხატვრული ნამუშევრების და გამოცემების პერსონალურ გამოფენას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გოჩა გაიოსის მიერ, ბუენოს აირესში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი, ქართული ავანგარდის ლეგენდარული წარმომადგენლების მხატვრული გამოცემები. მათი ტირაჟი თითო ცალია. ნამუშევრები ეძღვნება ქართველ ავტორებს, მწერლებს, განსაკუთრებით კი 20-იანი წლების ავანგარდისტი მწერლების ნაწარმოებებს. ეს უნიკალური გამოცემები მხატვრულად გოჩა გაიოსის მიერაა გაფორმებული.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საზოგადოება აღნიშნული გამოცემების ნახვას, მხოლოდ ამ გამოფენაზე შეძლებს. ღონისძიებაზე მოსულ დამთვალიერებელს სიურპრიზიც ელის.
გოჩა გაიოსი უკვე მრავალი წელია მოღვაწეობს არგენტინაში და სხვადასხვა ქვეყანაში მართავს გამოფენებს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.