ავსტრიაში, ვენაში გამართულ ღვინის ფესტივალში „Orange Wine Festival“ ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ.
სლოვენიის საელჩოსა და სლოვენიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღვინის ფესტივალი ვენაში, წელს მერვედ გაიმართა. ღონისძიება დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინის ექსპერტებს შორის.
ფესტივალზე მონაწილეობენ იმ ქვეყნების ღვინის კომპანიები, რომლებიც ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ. წელს, სლოვენიის, ავსტრიის, ხორვატიის, იტალიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების ღვინის კომპანიებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობდნენ ნატურალური ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები “არმუნჯი”, “ბრუალა” და “ტანინი”.
ღონისძიებას დაესწრო ავსტრიაში საქართველოს ელჩი, დავით დონდუა. ელჩმა სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ფესტივალში მონაწილე ქართული ღვინის კომპანიების კუთხე მოინახულა და ქართული ღვინო დააგემოვნა. ფესტივალს აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი.