ქართულად ამღერებული ჰოლანდიელები და კვარტეტ ,,ძმანოს“ წარმატებული ტურნე ნიდერლანდებში

ფოლკლორულ ანსამბლ  „მესხეთის“ კვარტეტი „ძმანო“ ჰოლანდიაში ტურნეს მართავს. ახალციხელი მომღერლები, ჰოლანდიაში სულ 16 კონცერტს გამართავენ. თავდაპირველად 12  კონცერტი დაიგეგმა, თუმცა მსმენელთა დიდი მოთხოვნის გამო, მოგვიანებით კიდევ  4 სოლო გამოსვლა დაემატა.

ტურნეს ფარგლებში, მომღერლებმა მასტერკლასებიც ჩაატარეს და ქართული ფოლკლორი უამრავ ჰოლანდიელს გააცნეს. ანსამბლს კონცერტები ჰოლანდიაში შარშანაც ჰქონდა. წარმატებულმა გამოსვლებმა, 2019 წლის განრიგი განსაზღვრა…

,,აღმოჩნდა, რომ ჩვენი მაყურებლის უმეტესობას, ხელოვნებასთან პირდაპირი კავშირი აქვს. თითქმის ყველას აქვს მუსიკალური განათლება. აქ შეგვხვდა ისეთი კატეგორია, რომელსაც  სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სიყვარული აერთიანებს. ჰოლანდიელები სურვილს გამოთქვამენ, შეისწავლონ ჩვენი ფოლკლორი. ძალიან დიდი სიყვარული გააჩნიათ ქართული პოლიფონიის მიმართ. დატვირთული გასტროლი გამოვიდა. გვიწევს ჰოლანდიის სხვადასხვა მხარეს, სხვადასხვა კუთხეში, კონცერტების და მასტერკლასების ჩატარება. დაინტერესება ძალიან დიდია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოც ერთ-ერთს მასტერკლასს აღწერს, რომელიც  დელფტში გავმართეთ. ღონისძიება წინასწარ იყო დაანონსებული და უამრავი მსურველი დაესწრო. მასტერკლასის შემდეგ, ერთსაათიანი მინი კონცერტი ჩავატარეთ, რომელსაც დაესწრნენ ჰოლანდიაში ჩვენი ელჩი ბატონო გიორგი შარვაშიძე და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

პირველ ნოემბერს, გვექნება კონცერტი, რომლის შემდეგაც, ვაპირებთ ქართული სამზარეულოს გაცნობას ჰოლანდიელებისთვის – ტრადიციული ქართული სუფრა გაიშლება. კონცერტს დაესწრებიან, როგორც ადგილობრივები, ასევე ჰოლანდიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი, მაგრამ ადგილები უკვე მთლიანად შევსებულია“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბრისას, კვარტეტის წევრი ზურაბ ინასარიძე.

კვარტეტი „ძმანო“ ფოლკლორულ ანსამბლ ,,მესხეთის“ ბაზაზე შეიქმნა (ანსამბლი “მესხეთი” ახალციხეში 1949 წლიდან არსებობს)  და  ქართულ კულტურას საქართველოსთან ერთად, მის ფარგლებს გარეთაც წარმატებით აცნობს საზოგადოებას. კვარტეტს, ფოლკლორული ანსამბლის წევრები – არჩილ კაპანაძე, დავით ტაბატაძე, ვასილ ბეგიშვილი და ზურაბ ინასარიძე წარმოადგენენ.

ზურაბ ინასარიძე – ,,ჰოლანდიური სატელევიზიო გადაცემაა ,,ვინ არის თხუნელა” (,,wie is de mol”), რომლის მესამე ეპიზოდი საქართველოში გადაიღეს 2018 წელს და გადაცემაში ანსამბლ ,,მესხეთის“ წევრებმა მივიღეთ მონაწილეობა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მიგვიწვიეს ჰოლანდიაში შოუს გულშემატკივრებთან შესახვედრად. მოგვიანებით, კიდევ მიგვიპატიჟეს 4  მომღერალი და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა კვარტეტი ,,ძმანო”. შარშანაც ამ დროს გვქონდა ტურნე…

წარმატებული გამოსვლების შემდეგ, კვლავაც ვესტუმრეთ ჰოლანდიას. წელს დაგვემატა კიდევ ორი მომღერალი- მამა-შვილი ლევან სამყურაშვილები. უფროსი ლევან სამყურაშვილი წლების წინ, სხვადასხვა ანსამბლთან ერთად, ატარებდა ჰოლანდიაში კონცერტებს (როგორც ანსამბლ ,,რუსთავთან”, ასევე ,,კირიონთან” ერთად). გასტროლების დროს, ჰოლანდიაში შევხვდით თბილისობას. დღესასწაული ჰააგაში ქართულ რესტორანში ,,სოხუმი” ქართული სიმღერით აღვნიშნეთ. საინტერესო საღამო გამოვიდა, ჩვენთან ერთად იყო, მომღერალი ლაშა ღლონტიც“.

ჯგუფს ჰოლანდიელი, ქართული ხალხური მუსიკით დაინტერესებული ქალბატონი იოკე ვან დერ ვეიდე მასპინძლობს. სწორედ ის უწევს ორგანიზებას მათ გასტროლებს.

“იოკე, რომელმაც იცის ქართული ხალხური სიმღერები და თან ამ სიმღერებს ასწავლის იქ ჰოლანდიელებს, ჩვენთან სტუმრად ხშირად ჩამოდის. ვიკრიბებით და ერთად ვმღერით ხოლმე”, – ამბობს ანსამბლ “მესხეთის” ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი.

ჯგუფის რეპერტუარში ფოლკლორული სიმღერები, საგალობლები და  ასევე ქართველი კომპოზიტორების საინტერესო კომპოზიციები შედის. კვარტეტი ტურნეს  4 ნოემბერს დაასრულებს.

 

კულემბორგში ჩატარებული კვარტეტის კონცერტის სრული ჩანაწერი, იქაურმა მაცხოვრებლებმა გადაიღეს და დაამონტაჟეს.