26 ოქტომბერს, ფილადელფიის ქართული ტაძრის ეზოში, გაიმართება მასობრივი შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ინფორმაციას პენსილვანიაში გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი ავრცელებს.
,,ჭიდაობის ეს სახეობა ისეთივე განუყოფელი ნაწილია ქართული კულტურის, როგორიც ცეკვა ან სიმღერაა. UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.
ქართულ ჭიდაობაში ექვსი ძირითადი დარგია: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი განუყოფელი ნაწილია მუსიკალური აკომპანიმენტი.
ჩვენ, თავს მოვალედ მივიჩნევთ, ვიზრუნოთ ჩვენი კულტურის ამ უიშვიათესი სახეობის გადასარჩენად. ჩვენი სამშობლო, ხომ ოდითგანვე იყო გმირებისა და ფალავნების ქვეყანა“ – ნათქვამია კულტურის ცენტრის განცხადებაში.
შეჯიბრი გაიმართება მისი ყოვლადუსამღვდელოესის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის საბას ლოცვა-კურთხევითა და უშუალო ორგანიზებით.
მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დილის 10 საათიდან 11 საათამდე იქნება. შეჯიბრი გაიმართება სხვადასხვა ასაკისა და წონით კატეგორიაში.
გამარჯვებულები სიმბოლური ჯილდოებით დასაჩუქრდებიან.