ეროვნულ მუზეუმში, პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის კვლევების ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი წიგნის ,,გვარჯილას კლდე-მღვიმე საქართველოში“ პრეზენტაცია მოეწყობა.
სტეფან კრუკოვსკი საქართველოში პირველად 1916 წელს ჩამოვიდა – ორი წლის განმავლობაში მკვლევარმა მოინახულა და შეისწავლა დასავლეთ საქართველოს მღვიმეები და ეხეები (პატარა კარსტული მღვიმე ან გამოქვაბული ფართო შესასვლელით).
მონოგრაფია გვარჯილას კლდის მღვიმის შესახებ, 100 წლის წინ დაიწერა, თუმცა არ გამოქვეყნებულა. პალეოლითური ძეგლების შესწავლის მეთოდიკის თვალსაზრისით, ასი წლის წინ, ეს იყო გარდამტეხი კვლევა, რომელსაც გამოქვეყნების შემთხვევაში, შესაძლოა ევროპის არქეოლოგიის განვითარების ისტორია განსხვავებული გზით წარემართა.
სტეფან კრუკოვსკი (1890-1982) პალეოლითის ხანის თვითნასწავლი პოლონელი მკვლევარი, სამეცნიერო-კვლევითი სკოლის დამაარსებელი და არაერთი პოლონელი პრეისტორიკოსის მასწავლებელი იყო.
წიგნი ვარშავის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმის და ვარშავის უნივერსიტეტის ეგიდით გამოიცა. პრეზენტაცია 27 ოქტომბერს 15 საათზე გაიმართება.