1887 წლის 24 ოქტომბერი დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების თარიღია. პატრიოტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, სტავროპოლში, გადასახლებაში მყოფი ვერაგულად მოკლეს. ის 74 წლის იყო. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2007 წელს დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა…
1832 წლის რუსეთის მთავრობის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ერთი წელიწადი დაჰყო. აქედან საცხოვრებლად ჩრდილოეთ რუსეთში, ქ. ვოლოგდაში გაგზავნეს. 5 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს.
30 წლის მანძილზე, ის მხოლოდ საქართველოსთვის იღწვოდა. ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, პენსიაში გასული დიმიტრი ისეთივე ღარიბ აზნაურად დარჩენილა, როგორც სამსახურის დაწყებისას იყო. მან სახელმწიფო სამსახური სპეციალურად მიატოვა და სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის სამემკვიდრეო და სამეურვეო საქმეების მოგვარებას შეუდგა. მან ,,სახასო” მიწების მთავრის საკუთრებაში დატოვება შეძლო და ამით მეფის რუსეთს ჩაუშალა ავი განზრახვა – მიწაზე რუსი კოლონისტების ჩამოსახლების. მისი შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი “ცისკარი”, დიმიტრი ყიფიანის ლიტერატურული მოღვაწეობა კი, მთარგმნელობითი სამუშაოთი დაიწყო. დიმიტრი ყიფიანი სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებსაც წერდა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე.
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში “ხვანჭკარის” წარმოებას სწორედ დიმიტრი ყიფიანმა ჩაუყარა საფუძველი. ის გახლდათ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
1840 წელს შეადგინა და მთავარმართებელს დასამტკიცებლად წარუდგინა “ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის წესდება”, რის საფუძველზეც თბილისში პირველი წიგნსაცავი დაარსდა. დიმიტრი ყიფიანი თბილისის თავადაზნაურობამ ორჯერ აირჩია სათავადაზნაურო გიმნაზიის საპატიო მზრუნველად. აქტიური მონაწილეობა მიიღო ბატონყმობის გაუქმების საქმეში.
1864 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს;
1876 წელს კი ქალაქის თავიც გახდა. დიდი ამაგი დასდო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დაარსებას, დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბებას;
1879 წელს სხვა მოღვაწეებთან (ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და სხვ.) ერთად, ჩამოაყალიბა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება,” რომლის თავმჯდომარედაც ერთხმად აირჩიეს.
ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ (1881წ) განაპირა მხარეების კოლონიზაცია დაიწყო. საქართველოში მეფისნაცვლობა გაუქმდა და მთავარმართებლობა იქნა შემოღებული. აიკრძალა სიტყვა “საქართველოს” ხმარებაც. რუსი ბიუროკრატები თანდათან აძლიერებდნენ ქართულ ეროვნულ დაწესებულებათა დევნასა და შევიწროებას. ამ მხრივ თავი გამოიჩინა სასულიერო სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა პავლე ჩუდეცკიმ, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით, გარყვნილებითა და ქართველთა მიმართ განსაკუთრებული ზიზღით.
1886 წლის 24 მაისს სტუდენტი სოსო ლაღიაშვილი კაბინეტში შეუვარდა ჩუდეცკის და ხანჯლით მოკლა. ჩუდეცკის დასაფლავებაზე ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა დაწყევლა არა მარტო ლაღიაშვილი, არამედ მთელი ქართველი ერი. ამ ფაქტმა უზარმაზარი რისხვა და პროტესტი გამოიწვია ქართველობაში. პირველმა ხმა დიმიტრი ყიფიანმა აიმაღლა.
1886 წლის ზაფხულში 73 წლის ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს.
1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა. თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა.
მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი და კრიტიკოსი ვალერიან გუნია წერს, ბანკში მისულ ამ ამბით შეძრწუნებულ, პირმოკუმულ და წარბშეკრულ ილია ჭავჭავაძეს ჯერ ქვედა ტუჩი აუთრთოლდა, შემდეგ “ორი მსხვილი ცრემლი გადმოეწურა და ლამაზ ულვაშებზე დაენთხია. მე არასდროს არ მენახა ასეთი ჩუმი, მუნჯი და, ამავე დროს, უმაღლესად მეტყველი მწუხარებაო”.
როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებდა, რუსეთის მთავრობის მიერ დაყრილი ხმა, ვითომც დიმიტრი ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოეკლათ, არავის არა სჯეროდა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსული ხელისუფლების აგენტების მიერ იყო მოკლული. ყიფიანის მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. მისი დაკრძალვა მთავრობის საწინააღმდეგო უზარმაზარ დემონსტრაციად იქცა.
საქართველოს სამხედრო გზით შემოსვენებული მიცვალებული რუსთაველის პროსპექტზე, სასახლის წინ უნდა გაეტარებინათ, აევლოთ სოლოლაკი და აესვენებინათ მთაწმინდაზე. მთავარმართებელმა პოლიცმეისტერებს უბრძანა, სამგლოვიარო პროცესიას სასახლის წინ გავლის უფლება არ მისცეთო. ამიტომ როგორც კი პროცესია ვაჟთა გიმნაზიას (დღევანდელ პირველ გიმნაზიას) გაუსწორდა, წინ პოლიცმეისტერების წარმომადგენლები გადაეღობნენ და შეაჩერეს. ვალერიან გუნიამ მიზეზი იკითხა. მთავარმართებლის ბრძანებააო, – მიუგეს. მაშინ გუნიამ ეპისკოპოს ალექსანდრეს მოახსენა საქმის ვითარება.
,,აქ ბატონ-პატრონი მე ვარ და არა მთავარმართებელი. აბა, გამომყევით, ვნახოთ, ვინ დაგვიდგება წინ! “- ხმამაღლა მიმართა ხალხს ეპისკოპოსმა და პროცესიამ გზა განაგრძო. ქუთაისიდან ჩამოსულებს სულ ხმლებზე ეკიდათ ხელი. ასე ჩაუარეს სასახლეს და მათი შეჩერება მართლაც ვერავინ გაბედა.
საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთელმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად. აკაკიმ მას საუცხოო ლექსი – “განთიადი” მიუძღვნა, ილიამ – შესანიშნავი წერილები.
გრანდიოზული პროცესია დიდი და გაბედული დემონსტრაცია იყო ქართველი ერისა ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველობაზე და ერთგვარ საგონებელშიც ჩააგდო ხელისუფალნი. მეორე დღეს მთავარმართებელმა მოიწვია საბჭოს სხდომა და თათბირობდნენ, თუ რითი ეპასუხათ ამ გამოუთქმელ დემონსტრაციაზე. აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ დაასკვნეს, რომ რეპრესია დემონსტრაციის მომწყობთა მიმართ კიდევ მეტ გართულებას გამოიწვევს. რაც მოხდა, პოლიციის განცხადების მიმართ უბრალო წინააღმდეგობად ჩათვალეს, ჭირისუფალი დავით ყიფიანი 6 მანეთით დააჯარიმეს და ამით გათავდა საქმე.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებით, დიმიტრი ყიფიანი ქართული ეკლესიის მიერ, წმინდანად იქნა შერაცხილი.