უკრაინული ავიაკომპანია „იანეარი“ საახალწლოდ საქართველოსა და უკრაინას შორის 12 დამატებით რეისს შეასრულებს. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დამატებითი ფრენები 26 დეკემბრიდან 5 იანვრის პერიოდში შესრულდება.
რეისებს კომპანია კიევიდან და ხარკოვიდან ბათუმის მიმართულებით შეასრულებს. ასევე გაიზრდება ფრენების რაოდენობა კიევსა და თბილისს შორის.
“ზედიზედ უკვე მეორე წელია, ბათუმში საახალწლოდ ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს აღწევს, ქალაქიდან 90 კილომეტრში, მთებში კი, თხილამურებზე სრიალია შესაძლებელი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, დამატებითი ავიარეისები უკრაინელ ტურისტებში პოპულარული იქნება“ – განაცხადა უკრაინულ მედიასთან ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა ტარას სტრიგუნენკომ.
იანეარის ავიახაზების მთავარი საჰაერო ბაზა უკრაინის დედაქალაქში, კიევის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. საქართველოს საპორტო ქალაქიდან Yan Air–ის თვითმფრინავები ფრენებს წლებია ახორციელებენ ხარკოვის, კიევის და ოდესის მიმართულებით.