სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფელ რუხში, ხაჭაპურის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ინფორმაციით, წლის ყველაზე გემრიელი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა რეგიონის ხაჭაპურების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩატარდა ხაჭაპურის ცხობაში მასტერ-კლასიც.
ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 37 ადამიანი მონაწილეობდა. მომზადდა ოთხმეტრიანი ხაჭაპური შამფურზე. ღონისძიებაზე მეგრული ხაჭაპურის ცხობაში გამარჯვებული გამოვლინდა და ის მარტვილის წარმომადგენელი გახდა.
ფესტივალის მიზანია – ხაჭაპურის პოპულარიზაცია და ქვეყანაში რეგიონული ტურიზმის განვითარება. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით, და USAID პროექტი „ზრდას“, რეგიონული ხელისუფლების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რუხის სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.