ლიეტუვაში, ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩაზე თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს საელჩო ღონისძიებას ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, უკვე მეხუთე წელია მართავს.
დღესასწაული მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში, ლევან ღვაჩლიანმა. მან ხაზი გაუსვა დაძმობილებულ ქალაქებს, თბილისსა და ვილნიუსს შორის, სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. წელს, საქართველოს და ლიეტუვის დედაქალაქები პარტნიორობის მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. სტუმრებისათვის ქართული სიმღერები შეასრულეს ანსამბლ „ქართული ხმების” წევრებმა. გაიმართა ფოტოგამოფენა „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება” და ლიეტუვაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნიკოლოზ გამხიტაშვილის ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იყო „საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლი” და გაიმართა ლიტვურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის – ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია”, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა”, ქართველი პოეტების ანთოლოგიის და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრების პრეზენტაცია.
ღონისძიებას დაესწრნენ ლიეტუვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, ასევე ლიეტუვაში მცხოვრები ქართული სტუდენტების და დიასპორის წარმომადგენლები.