ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი და საკონსულოს თანამშრომლები პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრთან არსებულ საკვირაო სკოლას ეწვივნენ. მათ სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცეს და ქართული საკვირაო სკოლის ღია გაკვეთილს დაესწრნენ.
შეხვედრაზე გენერალურმა კონსულმა ისაუბრა ქართული ენის შესწავლის საქმეში, საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ საკვირაო სკოლების მხარდაჭერა წარმოადგენს. გენერალურმა კონსულმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები დაეხმარება სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლების პროცესში.
სახელმძღვანელოები „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ისინი სპეციალურად უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვისაა განკუთვნილი და მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად, მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.
პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრთან არსებულ საკვირაო სკოლაში, ამაჟამად 50-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის ქართველი ბავშვი სწავლობს ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას.