საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ბავშვებისათვის, ღონისძიება „ვასურათებთ ქართულ ზღაპრებს“ გაიმართა. პროექტს ესტონეთის ბავშვთა ლიტერატურის ცენტრმა უმასპინძლა.
ღონისძიება გახსნა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თამარ მიქაბერიძემ და ისაუბრა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების დატვირთვაზე. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, მაკა თაქთაქიშილმა პროექტში მონაწილეებს მიაწოდა საინტერესო, ამავდროულად თვალსაჩინო ინფორმაცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოში მისი დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვებმა მოისმინეს ნაკლებად ცნობილი ქართული ზღაპარი, რომელიც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და თავად დაასურათეს იგი. მოგვიანებით სააგენტოს მიერ დაიბეჭდება პროექტში მონაწილე ბავშვების მიერ დასურათებული კრებული და საჩუქრად გადაეცემა მათ.
პროექტი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის ფარგლებში გაიმართა და ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობების ჩართულობასა და მათ დაინტერესებას კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და დაცვის საკითხებით.