გამარჯობა. მე მარიეტა ხაჭაპურიძე ვარ, ქუთაისიდან…
ამჟამად ვცხოვრობ საბერძნეთში, თესალონიკთან ახლოს მდებარე პატარა დაბა კერასიაში. “კერასი” ბერძნულად ბალს ნიშნავს. მოკლედ ჩვენებურად – ,,ბალიანში“ ვცხოვრობ.
ჩემი ემიგრანტული მარშრუტი დაიწყო საქართველოდან ათენში (4 წელი ვიცხოვრე იქ) და შემდეგ ათენიდან თესალონიკში გაგრძელდა. ახლაც აქ ვცხოვრობ. რა მსგავსება-განსხვავებებია ჩვენს მშობლიურ კულტურას, წეს-ჩვეულებებს, სამზარეულოსა თუ კლიმატს შორის?
ვთვლი, რომ ევროპაში ბერძნები ყველაზე ახლო დგანან ხასიათით ქართველებთან. საკმაოდ მნიშვნელოვანია აქაც “რას იტყვის ხალხი”-ს ფაქტორი (განსაკუთრებით პატარა საზოგადოებაში), შვილებისთვის განათლების მიცემა, წარსულით ტრაბახი, სანამ შეუძლიათ ეხმარებიან შვილებს, შვილიშვილებს და ა. შ. უყვართ დიდი ქორწილების გადახდა, თუმცა თამადა არა ჰყავთ და უმეტეს წილად ცეკვავენ. კლიმატიც თითქმის ერთნაირი გვაქვს. აი სამზარეულო საკმაოდ განსხვავდება ჩვენი სამზარეულოსგან. დიდი ადგილი უკავია ზღვის პროდუქტებს, და საერთოდ “მესოგიაკი” კვება ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
პროფესიით მათემატიკის მასწავლებელი ვარ. როგორც უმრავლესობას, მეც მომიწია ინტერესების შეცვლა. გათხოვების შემდეგ არ მიმუშავია (ოფიციალურად), თუმცა დამეთანხმებით, რომ ოჯახის მოვლა არც ისე იოლი საქმეა.
რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვიყავი რაღაცით გატაცებული, ვკერავდი, ვქსოვდი, ტყავის აქსესუარებს ვაკეთებდი. მიყვარდა ვიღაცისთვის უსარგებლო ნივთებიდან რაიმე საინტერესოს შექმნა. ამჟამად, თექით ვარ გატაცებული და მგონი ეგაა ჩემი ყველაზე დიდი გატაცების საგანი (თქვენც გიზიარებთ და გიგზავნით ფოტოებს). იმდენი შეუზღუდავი შესაძლებლობები დავინახე ამ უკეთილშობილეს მასალაში, ჩემი ტვინი მუდმივად და გამალებით მუშაობს, კიდევ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს. თან რამდენს ნიშნავს, რომ ამ ჩემ გატაცებას არ ეწირება არც ერთი ცხოველის სიცოცხლე და არც ეკოსისტემა ზიანდება. მიყვარს ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალური. ადგილი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით დავიწყებდი აბრეშუმის ჭიის მოშენებას, ეს ჩემი დიდი ოცნებაა… ვცდილობ, ამ პატარა-პატარა გატაცებით გავილამაზო დატვირთული ცხოვრება.
სამწუხაროდ, როგორც ასეთი “ქართული კულტურის ცენტრი” თესალონიკში არ გვაქვს, თუმცა, საკმაოდ ენერგიული და დაუზარელი ემიგრაციაა გვყავს და ხშირად გვანებივრებენ ღონისძიებებით, კონცერტებით და წარმოდგენებით. საქართველოდანაც ჩამოყავთ თეატრები. გვიწყობს ხელს საქართველოს გენერალური საკონსულო, ცდილობენ შეუმსუბუქონ ემიგრანტებს აქ არც თუ ისე იოლი ყოფნა, ხელი შეუწყონ აქ არსებულ ქართული ცეკვის ანსამბლებს, მოყვარულთა თეატრს. ქართველები აქტიურად არიან ჩართული იმ ღონისძიებებში, რომლებსაც პერიოდულად აწყობს თესალონიკის მერია. მე შერეული ოჯახი მაქვს, ამიტომ ცოტა ძნელია ქართული კულტურის ბოლომდე შენარჩუნება, თუმცა ჩემს შვილსაც და ქმარსაც ძალიან უყვართ საქართველო და ეს მახარებს. სამშობლო ყველა ჩვენგანის (ემიგრანტის) გულშია და მუდამ თან დაგვაქვს…