მექსიკაში სერვანტინოს (გუანახუატოს) რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალზე, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ ,,შავნაბადას“ სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტს ადგილობრივი მედია აშუქებდა, მათ შორის მექსიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მუსიკალური კრიტიკის არხი, რომელმაც კონცერტიდან ფრაგმენტები გაუშვა და ,,შავნაბდას“ მაღალპროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. კონცერტის დასრულების შემდეგ, ,,შავნაბადას“ წევრებთან გასაუბრებისას მსმენელმა დიდი ინტერესი გამოიჩინა ქართული ხალხური სიმღერის მიმართ. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღო, მათ შორის კალიფორნიის შტატიდან, სადაც მასშტაბური ფესტივალი იმართება.
მექსიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ მეხიკოში ,,შავნაბადა“ მეორე სოლო კონცერტს 12 ოქტომბერს რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გამართავს, სადაც მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურის ცენტრია განთავსებული.